Aa
Aa

US OPEN-ის ქალთა ფინალში უილიამსი და ანდრეესკუ ითამაშებენ!

ამერიკის ღია პირველობის ქალთა თანრიგში ფინალისტები გამოვლინდა. დღის პირველ შეხვედრაში სერენა უილიამსი და ელინა სვიტოლინა დაუპირისპირდნენ. სვიტოლინა პირველი უკრაინელი ქალია, რომელიც ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში მონაწილეობდა, სერენა კი ამ ტურნირზე 101-ე გამარჯვებას უმიზნებდა.

სვიტოლინას პირველ სეტში ჯამში 6 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა შანსები ვერ გამოიყენა და სერენამ საბოლოოდ მას 71 წუთში - 6:3; 6:1 მოუგო. უმცროსი უილიამსი US OPEN-ის ერთეულთა ფინალში მეათედ გავიდა, რაც ღია ერაში საუკეთესო მაჩვენებელია. სერენას აღნიშნული ტურნირი აქამდე 6-ჯერ აქვს მოგებული.

გაცილებით დაძაბული გამოდგა მეორე ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც დიდი სლემის ტურნირების დებიუტანტები - ბელინდა ბენჩიჩი და ბიანკა ანდრეესკუ ხვდებოდნენ.

პირველ პარტიაში ბენჩიჩი საკუთარ მოწოდებაზე ძალიან დამაჯერებლად თამაშობდა და მეტოქეს ბრეიკ-პოინტიც არ მისცა, თუმცა ანდრეესკუს მოწოდებაზე ვერგამოყენებული 6 ბრეიკ-პოინტის გამო ტაიბრეიკზე დაისაჯა და სეტებში 0:1 ჩამორჩა.

შვეიცარიელს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა მეორე სეტში, იგი ორი ბრეიკით - 4:1 დაწინაურდა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერც ამჯერად მიიყვანა და თამაში 2 სეტში დათმო - 6:7; 5:7. 19 წლის ანდრეესკუ პირველი კანადელი ქალია, რომელმაც ამერიკის ღია პირველობის ერთეულთა ფინალში გააღწია.

სერენა უილიამსისა და ბიანკა ანდრეესკუს ფინალური დაპირისპირება შაბათს ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთელები ერთმანეთს დაახლოებით 1 თვის წინ ტორონტოს მასტერსზე შეხვდნენ, როცა სერენამ პირველ სეტში 1:3-ზე ტრავმის გამო მატჩი შეწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები