Aa
Aa

4 გოლი, ბევრი მომენტი და ლოგიკური ფრე სამხრეთ კორეასთან

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი სამხრეთ კორეის წინააღმდეგ გამართა. სტამბულში გამართული შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

გასული მატჩებისგან განსხვავებით ვლადიმირ ვაისის გუნდი მეტოქის ნახევარზე აქტიური პრესინგით თამაშს ცდილობდა, რაც ხშირად კარგად გამოსდიოდა და საქართველოს ნაკრებს გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდა. 2 გატანილი გოლის გარდა ქართველებმა რამდენიმე ძალიან რეალური სახიფათო მომენტი შექმნეს, გოლის გატანის შანსი ვაკო ყაზაიშვილსა და ოთარ კიტეიშვილს ჰქონდათ. ზოგადად გახსნილი თამაში იყო და აზიელებსაც შეეძლოთ უფრო მეტი გოლის შეგდება.

მე-40 წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა მეტოქის ნახევარზე ართმევაზე კარგად ითამაშა, ბურთი მოიპოვა და მისი გადაცემით ჯანო ანანიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა. მოსკოვის ''სპარტაკის'' ქართველმა ნახევარმცველმა შანსი გამოიყენა და ანგარიში გახსნა, თუმცა განმეორებით ჩვენებაზე გამოჩნდა, რომ ყაზაიშვილის პასისას ანანიძე თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

შესვენების შემდეგ სამხრეთ კორეის ნაკრებმა ორი გოლი გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში უიჟო ჰვანგიმ საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველებს დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა გვერდითი მსაჯი ამ შემთხვევაშიც შეცდა, რადგან კორეელი აშკარა თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. 85-ე წუთზე ''ბორდოს'' ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა, მცველებთან ბრძოლაში ამჯერადაც გამარჯვებული გამოვიდა და სამხრეთ კორეის ნაკრები დააწინაურა.

90-ე წუთზე კანკავას გადაცემით ქვილითაიამ ისარგებლა და ანგარიში 2:2 გახდა. ბელგიური ''გენტის'' ქართველმა თავდამსხმელმა ვაისის გუნდი მარცხისგან იხსნა. განმეორებით ჩვენებაზე გამოჩნდა, რომ ქართველებმა ორივე გოლი თამაშის წესის დარღვევით თამაშგარე მდგომარეობისას გაიტანეს.

დამატებულ წუთზე ჯაბა კანკავამ მეტოქის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა, სამხრეთ კორეის ნაკრების ფეხბურთელები კანკავას გაძევებას ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა ყვითელი ბარათი უჩვენა.

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა: გიორგი მაკარიძე, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია (კ), ვალერი ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი აბურჯანია, ჯიმი ტაბიძე,  ლევან ხარაბაძე, ზურიკო დავითაშვილი

მეორე ტაიმში თამაშში ჩაერთვნენ: ბუბა დაუშვილი, ჯაბა კანკავა, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი ქვილითაია. ვაკო გვილია

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები