Aa
Aa

ჰუბერტის ფატალური ავარიის დეტალური განხილვა

ანტუან ჰუბერტი

   გასული კვირა მსოფლიო ავტოსპორტში საკმაოდ მძიმე  აღმოჩნდა. ფორმულა 2-ის ბელგიის გრან პრიზე , ლეგენდარულ სპა ფრანკოშამპზე უკვე სტარტიდან პელეტონი მეორე წრეზე იმყოფებოდა. უბედური შემთხვევა, ავტოდრომის ყველაზე საშიშ მონაკვეთზე, ოუ  რუჟში მოხდა. დიდი შეჯახების შედეგად  ფორმულა 2-ის ამომავალი ვარსკვლავი ანტუან ჰუბერტი გარდაიცვალა.

 

   მსოფლიო საავტომობილო ფედერაციას გამოძიება უკვე დაწყებული აქვს, თუმცა უკვე არსებობს  ამ საქმის წინასწარი მონახაზი იმისთვის, რომ  მომხდარის ანალიზი გაკეთდეს.

  როგორც ზევით ვახსენეთ, გზის ეს მონაკვეთი  სხვა დანარჩენებისგან გამოირჩევა, რამაც ჰუბერტის ფატალური შემთხვევა განაპირობა. მოცემული მონაკვეთი ერთმანეთზე გადაბმული სამი მოსახვევის ერთობლიობას წარმოადგენს, რომელსაც უკან დაახლოებით 500 მეტრიანი სწორი დაღმართი ახლავს. სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს სიჩქარის მეტად და სწრაფად ზრდას ამ მონაკვეთამდე. დაღმართის შემდეგ უეცრად იწყება აღმართი და სამი მოსახვევის კომბინაცია. აღმართის სიმაღლე ყველაზე დაბალი ნიშნულიდან უმაღლეს ნიშნულამდე 40 მეტრია, რაც კიდევ უფრო მეტად უხილავს ხდის ამ მონაკვეთის წინ მდებარე სწორ მონაკვეთს. სწორედ ამ მოსახვევების კოლაჟში ფორმულა 2-ის ბოლიდები საშუალოდ 260-270 კმ საათს ანვითარებენ.

   ყველა პილოტმა იცის, რომ სარბოლო ავტომობილი სწორედ ამ აღმართის დასაწყისში და დასასრულში ხდება ყველაზე ინერტული, შესაბამისად რთულდება მისი სარბოლო ტრაექტორიაზე შენარჩუნება. სწორედ ამიტომ ყველა მათგანი ამ მონაკვეთამდე მაქსიმალურად ცდილობს გაზარდოს სიჩქარე, რათა ბოლიდზე მოქმედი აეროდინამიკური დამწოლი ძალა გაიზარდოს და შესაბამისად შენარჩუნდეს ავტომობილი სასურველ ტრაექტორიაზე. აღსანიშნავია, რომ სამივე მოსახვევის კიდეებზე თვალით შეუმჩნეველი ასფალტის საფარის ჩაღრმავება არსებობს, სადაც აუციელებელია, რომ სარბოლო ავტომობილი იმყოფებოდეს. თუ ეს დეტალი პილოტს გამორჩება, იგი უკვე დიდი რისკის ქვეშ იმყოფება, რომ ავტომობილზე კონტროლი დაკარგოს. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ჯულიანო ალესიმ თავისი ბოლიდი ვერ შეინარჩუნა და მსუბუქად შეეჯახა დამცავ ბარიერს. ამ ყველაფერს კი მოჰყვა ჰუბერტის მხრიდან ალესისთან შეჯახების თავიდან აცილების მცდელობა, რის შედეგადაც მან ასევე დაკარგა მართვა და დიდი სიჩქარით შეეჯახა დამცავ ბარიერს. თუმცა ეს კონტაქტი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰუბერტისთვის რაიმე ზიანის მომტანი ყოფილიყო. საბედისწერო შედეგი დადგა მაშინ, როდესაც ჰუბერტის უკვე მძიმედ დაზიანებული ბოლიდი, რბილმა ბარიერმა შეჯახების შემდეგ უკან, გზის სავალ ნაწილზე გამოისროლა და ჰორიზონტალურად გააჩერა. ამ დროისთვის ჰუბერტი მე-12 პოზიციას იკავებდა და მას უკან, მე-14 პოზიციაზე მომავალი ამერიკელი მრბოლელი მანუელ კორეა მოყვებოდა. ამერიკელმა ჰუბერტისთვის გვერდის ავლა შენელების გარეშე სცადა. თუმცა როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, ამ მონაკვეთის აღმართის შემდეგ უხილავი ზონა არსებობს, რომელშიც თითქმის შეუძლებელია უკან მომავალმა მრბოლელმა  გაჩერებული ბოლიდი შეამჩნიოს, რადგან აღმართის მკვეთრი დახრილობიდან გამომდინარე მრბოლელები მხოლოდ ამ დროს მხოლოდ ცას ხედავენ.

   სწორედ ამიტომ, როდესაც  მანუელ კორეასთვის ჰუბერტის ბოლიდი შესამჩნევი გახდა, მას უკვე ძალიან ცოტა დრო ჰქონდა გაჩერებისთვის, შენელებისთვის, არიდებისთვის ან რაიმე სხვა მოქმედებისთვის. სწორედ ამ ფაქტორებმა გამოიწვია 270 კმ საათით სიჩქარით შეჯახება. დამატებით ამ ყველაფერს წინ ალბათ ამ ინციდენის ყველაზე მთავარი ფაქტორი უძღოდა, რომ შეჯახება იყო ფრონტალური, ანუ იმ ადგილას სადაც სარბოლო ავტომობილი ყველაზე ნაკლებად არის დაცული და სადაც თვითონ პილოტია განთავსებული. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო რომ მანუელ კორეას ბოლიდი ამობრუნდა და რამოდენიმე ათეულ მეტრში გაჩერდა, ხოლო ჰუბერტის ბოლიდი ორ ნაწილად გაიხლიჩა.

   მანუელ კორეასთვის ეს ინციდენტი საზიანო გამოდგა, მას ორივე ქვედა კიდურებზე აქვს დაზიანება, თუმცა ექიმების დიაგნოზით მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. სამწუხაროდ 23 წლის ჰუბერტისთვის საბედისწერო ეს ავარია აღმოჩნდა. იგი საავადმყოფოში გარდაცვალა. ექიმების თქმით მისი სხეულის შიდა და გარეგანი დაზიანებები სასიკვდილო იყო.

   შეგახსენებთ,რომ მას შემდეგ, რაც 1994 წელს ლეგენდარული აირტონ სენას ინციდენტი მოხდა, ეს მესამე შემთხვევაა ფორმულის დისციპლინაში, რომელიც მრბოლელის გარდაცვალებით მთავრდება. 2015 წელს, ფორმულა 1-ის პილოტი 21 წლის ჟულეს ბიანჩი გარდაიცვალა. რაც მიუთითებს შემდეგზე, რომ სპორტის ეს სახეობა უაღრესად საშიშია  და მიუხედავად ძალიან დიდი განვითარებისა, ჯერჯერობით ავტოსპორტში უსაფრთხოების გარანტიები მაინც არ არსებობს.

 

ცხელი ამბები