Aa
Aa

რონალდუ პორტუგალიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ ისტორიის წერას აგრძელებს. „ბიანკონერის“ სუპერვარსკლავმა ამჯერად პორტუგალიის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება დაისაკუთრა.

რონალდუმ ეს ჯილდო 2007 წლის შემდეგ მეათედ მიიღო. კრიშტიანუ მხოლოდ 2010 და 2014 წლებში არ გამოარჩიეს და მასზე წინ ჯერ სიმაუ, შემდეგ კი პეპე დააყენეს.

წლეულს „ბებერი ქალბატონის“ ლიდერმა ჟოაო ფელიქსს, ბერნარდო სილვას, ბრუნო ფერნანდეშსა და რუბენ ნევეშს აჯობა.

გლამურული ცერემონია ლისაბონში გაიმართა, სადაც რონალდუ სიტყვითაც გამოვიდა და განაცხადა: „სოციალურ ქსელებთან და პრესასთან ერთად მსოფლიო ძალიან სწრაფია. ეს ნამდვილი სიგიჟეა“.

„პირად ცხოვრებაში ძალიან რთული წელიწადი მქონდა. არასდროს მისცე ვინმეს უფლება უკან დაგხიოს“.

„არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჯილდოს სპორტინგიც იმსახურებს“.

დაჯილდოება ყველაზე წარმატებული „ბენფიკასთვის“ გამოდგა. „არწივებმა“ წლის საუკეთესო გუნდის სტატუსი, როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა კატეგორიაში დაისაკუთრეს. ხოლო მათი დამრიგებელი, ბრუნო ლაგე პორტუგალიის წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

რაც შეეხება რონალდუს, კრიშტიანუს შანსი აქვს FIFA-ს რჩეულიც გახდეს. იგი სამ ნომინანტთა შორისაა და ვირჯილ ვან დეიკისა და ლიონელ მესის წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო წლის საუკეთესო ფეხბურთელს 23 სექტემბერს დაასახელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები