Aa
Aa

"რეალმა" არეოლა ლა ლიგის განაცხადში დაარეგისტრირა

მადრიდული Marca-სა და AS-ის ერთობლივი ცნობებით, იმის მიუხედავად, რომ "რეალს" ალფონს არეოლას ტრანსფერი ოფიციალურად არ გამოუცხადებია, შეგვიძლია, 26 წლის მეკარე "სამეფო კლუბის" წევრად ჩავთვალოთ.

გამოცემა ამის არგუმენტად ფეხბურთელის ლა ლიგის განაცხადში დარეგისტრირებას ასახელებს და წერს, რომ "ბლანკოსი" არეოლას პსჟ-დან 1-წლიანი იჯარითა და გამოსყიდვის უფლებით აიყვანს, კეილორ ნავასი კი საპირისპირო გზას დაადგება და პარიზელთა მაისურს მოირგებს.

კოსტა რიკელი მეკარე მადრიდელ თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა და საფრანგეთის დედაქალაქში სამედიცინო შემოწმების გასავლელად გაემგზავრა.

როგორც იწერება, არეოლამ "რეალში" კარიერის გაგრძელება ზინედინ ზიდანთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა. იგი ტიბო კურტუას კონკურენტი იქნება. იგი ახალ გუნდთან ერთად ვარჯიშს სანაკრებო პაუზის შემდეგ დაიწყებს.

ალფონს არეოლა ლა ლიგაში "ვილიარეალის" რიგებში თამაშობდა და 2016-2017 წლებში გამართულ 37 მატჩში 32 გოლი გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები