Aa
Aa

მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება! ბასილაშვილმა ბრუკსბი დაამარცხა

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობაზე წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს. ჩვენებური მეორე რაუნდში ჯენსონ ბრუკსბის დაუპირისპირდა და მეტოქე 4 სეტში, 3-6, 7-6(7-3), 7-5, 6-2 დაამარცხა.

მატჩი ამერიკელი ჩოგბურთელის უპირატესობით დაიწყო. ბრუკსბიმ ბრეიკი ბასილაშვილის პირველივე ჩაწოდებაზე შეასრულა და თავად უშეცდომოდ აწვდიდა. მასპინძელმა ნიკას სეტის შემოტრიალების შანსი არ მისცა და დამაჯერებლად, 6-3 მოიგო.

მეორე პარტია ბასილაშვილმა ზედიზედ წაგებული სამი გეიმით გახსნა, თუმცა შეცდომები მალევე გამოასწორა და სეტი ტაიბრეიკამდე მიიყვანა, რომელიც ქართველის გამარჯვებით დასრულდა - 7-3.

მესამე პარტიაში საკუთარ ჩაწოდებაზე ორივე ჩოგბურთელი ცუდად გამოიყურებოდა და ტრიბუნებზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა ერთბაშად 7 ბრეიკი იხილეს. ბასილაშვილი 4-2-ს აგებდა, მაგრამ ბოლო 6 გეიმიდან 5-ში სასურველი შედეგი დააფიქსირა და 7-5 იმარჯვა.

მესამე სეტის წარმატებით დასრულების შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა და გადამწყვეტი პარტია შესანიშნავად ჩაატარა. მეოთხე სეტში ნიკა 3-0 დაწინაურდა. ბრუკსბიმ ზედიზედ ორი გეიმი მოიგო, თუმცა ბასილაშვილმა ზეწოლა გააძლიერა, მოწინააღმდეგეს მატჩში დაბრუნების საშუალება არ მისცა და 6-2 იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები