Aa
Aa

მიხაილოვიჩი 43-დღიანი კურსის შემდეგ ჰოსპიტალიდან გაწერეს

„ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელი, სინიშა მიხაილოვიჩი, ჰოსპიტალიდან 43 დღის შემდეგ გაწერეს. სერბმა სპეციალისტმა, რომელიც ლეიკემიას ებრძვის, მკურნალობის პირველი ეტაპი დაასრულა და ამიერიდან კურსის მეორე ეტაპისთვის სახლის პირობებში მოემზადება.

სინიშას ექიმებმა ნება დართეს, რომ ფეხბურთს დაუბრუნდეს და როგორც Gazzetta dello Sport-ი წერს, იგი უქმეებზე „სპალთან“ გასამართი მატჩისას ბოლონიელებს სათადარიგოთა სკამიდან უხელმძღვანელებს.

მიხაილოვიჩმა გასულ კვირას საფეხბურთო სამყარო გააოცა. მან სერია A-ს პირველი ტურისთვის საავადმყოფო დატოვა და „ბოლონიას“ სტუმრად „ვერონასთან“ გასამართი შეხვედრისთვის პირდაპირ ჰოსპიტალიდან სრულიად მოულოდნელად შეუერთდა.

50 წლის მწვრთნელს ლეიკემია გასული თვის დასაწყისში დაუდგინეს, თუმცა, დადებითი ამბავია, რომ დაავადება ადრეულ სტადიაზეა აღმოჩენილი, რაც ყველაფრის წარმატებით დასრულების ალბათობას ზრდის.

სინიშა „ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება, მას კლუბმა თანადგომა გამოუცხადა და შესთავაზა, რომ მკურნალობის პარალელურად, შეძლებისდაგვარად, საყვარელი საქმეც ეკეთებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები