Aa
Aa

ქართული ხასიათი! "ბორჯღალოსნებმა" “საუზერნ კინგსი" დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა!

სამხრეთ აფრიკულ ფრანჩაიზ “საუზერნ კინგსთან” გამართული ტესტმატჩი „ბორჯღალოსნებმა“ 24:20 მოიგეს და ქართული ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინეს!

სტუმრებმა კარგად დაიწყეს და პირველი ქულები მეორე წუთზე მოიპოვეს. სამხრეთ აფრიკელების ათიანმა, კატრაკილისმა ჯარიმა გაიტანა და ანგარიში 0-3 გახდა. სულ მალე "კინგსის" მორაგბეებმა ჩვენი ჩათვლის მოედნის დალაშქვრა მოახერხეს. ლელო სითჰოულმა დადო, კატრაკილისმა კი გარდასახვა რთული პოზიციიდან შეასრულა - 0-10.

მე-15 წუთზე "ბორჯღალოსნებმა" სხვაობა შეამცირეს. ქართველთა მხრიდან გიორგი აფციაური გამოირჩა, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა და ძალიან საჭირო ლელო მიითვალა. სამწუხაროდ იოსებ მათიაშვილმა გარდასახვა ვერ გამოიყენა.

22-ე წუთზე სტუმრებმა კიდევ ერთი ლელო გაიფორმეს და 2 ქულიანი დარტყმაც ზუსტად შეასრულეს. 30-ე წუთზე "საუზერნ კინგსის" მორაგბემ, კემერონ დოუსონმა ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი 10 წუთით დატოვა, თუმცა "ბორჯღალოსნებმა" რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს და პირველი ტაიმი სამხრეთ აფრიკელების გამარჯვებით 17-5 დასრულდა.

მეორე ნახევრის სტარტზე სტუმრებმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს და 15 ქულით დაწინაურდნენ. ამ მომენტის შემდეგ კი აბსოლუტურად განსხვავებული საქართველოს ნაკრები ვიხილეთ. მილტონ ჰეიგის შეგირდები გააქტიურდნენ, უპირატესობას დაეუფლნენ და მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ.

ქართველთა შეტევებმა შედეგი 67-ე წუთზე გამოიღო, როცა "საუზერნ კინგსის" ჩათვლის მოედანზე ბურთი გიორგი მელიქიძემ დაამიწა. 73-ე წუთზე მეტოქე ვაიძულეთ საჯარიმო ლელო აეღო. 77-ზე კი წინ გავიჭერით და ქამბექი გავიფორმეთ. ცვლილებაზე შესულმა შალვა სუთიაშვილმა შესანიშნავად ითამაშა, ლელო დადო და საქართველოს ნაკრები დააწინაურა! 22-20. "ბორჯღალოსნებმა" გარდასახვაც გაიტანეს და 4 ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვეს. დარჩენილ დროში სტუმრებმა გამარჯვების დასაკუთრება სცადეს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს და საქართველოს ნაკრებმა საოცარი შეხვედრა მოიგო - 24-20!

ამ დონის მეტოქესთან მსოფლიო ჩემპიონატის წინ ასეთი სპარინგი და მსგავსი ემოციებით აღსავსე გამარჯვება - ეს ის არის, რაც იაპონიაში გამგზავრებამდე მილტონ ჰეიგის გუნდს სჭირდებოდა.

შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს თიბისი რაგბის სერიის ფარგლებში „დინამო არენაზე“ შოტლანდიის ნაკრებს დავუხვდებით, რომელიც ტიერ1-ის პირველი გუნდია, რომელიც საქართველოში ჩამოვა. მსოფლიო თასის წინ, დასკვნით მოსამზადებელ შეხვედრას ბორჯღალოსნები 6 სექტემბერს, შოტლანდიასთან უკვე სტუმრად გამართავენ.

ფოტო - Goergian Rugby

ცხელი ამბები