ოლიმპიური ჩემპიონი საშინელ ავარიას დაზიანებების გარეშე გადაურჩა
Aa
Aa

ოლიმპიური ჩემპიონი საშინელ ავარიას დაზიანებების გარეშე გადაურჩა

ოლიმპიადის ორგზის გამარჯვებული და მსოფლიო ჩემპიონი, დევიდ რუდიშა საშინელ ავარიაში მოყვა. კენიელი სამართალდამცველების ინფორმაციით ნაირობი-კისუმუს გზაზე დევიდის ავტომობილს საბურავი გაუსკდა. რუდიშამ საჭე ვერ დაიმორჩილა და მოპირდაპირე მხრიდან მომავალ ავტობუსს შეეჯახა.

პოლიციის ადგილობრივი განყოფილების უფროსის, ვალტერ აბონდოს თქმით რუდიშა მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი ექიმებმა განაცხადეს, რომ დევიდს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა და კენიელი სპორტსმენი დასასვენებლად სახლში გაუშვეს.

ავარიის შემდეგ რუდიშამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა: „ყოვლისშემძლე ღმერთს სიცოცხლის ჩუქებისთვის მადლობას ვუხდი. შაბათს საღამოს, დაახლოებით 10:30-ზე ტრაგიკულ ავარიაში მოვყევი. სახლისკენ მიმავალ გზაზე ავტობუსს შევეჯახე, რომელიც კისიი-ნაირობის მარშუტს ასრულებდა. კარგად ვარ და დაზიანებები არ მიმიღია“.

აქვე დავძენთ, რომ 30 წლის რუდიშა, რომელმაც ლონდონის ოლიმპიადაზე 800 მეტრზე სირბილში რეკორდი დაამყარა, ტრავმების გამო ორი წელიწადია ტურნირებში მონაწილეობას ვეღარ იღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები