უსმან დემბელეს კატალონიური თავგადასავალი
Aa
Aa

უსმან დემბელეს კატალონიური თავგადასავალი

2017 წელს, როცა „ბარსელონამ“ ნეიმარი გაყიდა ესპანელ ჟურნალისტთა ნაწილი შეშფოთდა... ბრაზილიელი ფეხბურთელის გასხვისება და პრობლემები, რომლებიც შესაძლოა მის წასვლას მოჰყოლოდა, არაფერ შუაშია. საქმე „ბარსას“ სატრანსფერო პოლიტიკას ეხება და ეჭვები „ნეის“ სანაცვლოდ მიღებული თანხის გამოყენებასთან დაკავშირებით გაჩნდა. როგორც აღმოჩნდა ეს ყველაფერი უსაფუძვლო არ ყოფილა.

კატალონიურმა გრანდმა მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში უსმან დემბელე და ფილიპე კოუტინიო შეიძინა. ბრაზილიელი ფეხბურთელი ახლა იჯარის წესით „ბაიერნში“ იმყოფება. დემბელეს კი „კამპ ნოუზე“ სერიოზული პრობლემები აქვს. 

ფრანგი ფეხბურთელის მორიგი გამოხტომა „ბილბაოსთან“ გამართულ დაპირისპირებას უკავშირდება. 22 წლის შემტევმა ბასკურ კლუბთან ჯახში დისკომფორტი იგრძნო და „ბარსას“ სამედიცინო შტაბს მომდევნო დღეს ტესტების ჩატარება სურდა, თუმცა დემბელე მიღებაზე არ გამოცხადდა. მისი აგენტის, მუსა სისოკოს თქმით „ბარსელონას“ მოთამაშემ უქმეები რენში, დედამისის სახლში გაატარა. რამდენიმე ესპანური გამოცემა კი აცხადებს, რომ იგი სენეგალში გაემგზავრა და მეგობრებთან ერთად გაერთო.

დემბელე „კამპ ნოუზე“ ორშაბათს დაბრუნდა. მას დისკომფორტის შესახებ არაფერი უთქვამს და ვარჯიში განაახლა, თუმცა ერთ მომენტში ტკივილმა შეაწუხა და ტესტების შედეგად, რომლებიც კლუბის აზრით მას შაბათს უნდა ჩაეტარებინა, დადგინდა, რომ უსმანს მყესი ჰქონდა დაზიანებული. დემბელეს 5 კვირიანი დასვენება გამოუწერეს...

„ბარსაში“ გადასვლის შემდეგ ფრანგმა ფეხბურთელმა 7 ტრავმა მიიღო. Marca-ს მიხედვით მან „ბარსელონას“ მიერ ჩატარებული 120 შეხვედრიდან კლუბის მაისური მხოლოდ 66-ში მოირგო და ლაზარეთში 228 დღე გაატარა.

ყველაფერი უიღბლობის ბრალი რომ ყოფილიყო, „ბლაუგრანას“ მესვეურები შექმნილ სიტუაციას გაგებით მოეკიდებოდნენ, მაგრამ „კამპ ნოუზე“ სჯერათ, რომ ტესტების ჩატარების ნაცვლად უცხოეთში ჩასვლა არაპროფესიონალიზმის გამოვლინება გახლდათ, რომელიც დემბელეს ახასიათებს.

„ბარსელონამ“ გამაფრთხილებელი ნიშნები პირველივე სეზონში მიიღო, როცა ფრანგმა ახალგაზრდამ მყესის ტრავმის გამო 3 თვეზე მეტი გამოტოვა.

მეორე სეზონში ამ ყველაფერს დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები დაემატა. ვალვერდემ ერთხელ იგი ძირითადი შემადგენლობის მიღმა მას შემდეგ დატოვა, რაც უსმანმა ვარჯიში გამოტოვა და კლუბს მისი ადგილმდებარეობის დადგენა გაუჭირდა. საბოლოოდ „ბარსელონამ“ აღმოაჩინა, რომ დემბელე საკუთარ სახლში იმყოფებოდა და ბაზაზე მუცლის ტკივილის გამო არ გამოცხადდა. კითხვაზე რატომ არ დაურეკა კლუბს და პრობლემების შესახებ არ შეატყობინა, დემბელემ განაცხადა, რომ მის მობილურ ტელეფონს ელემენტი დაუჯდა. AS-ის ინფორმაციით „ბარსამ“ მის სახლში ექიმი გაგზავნა, მაგრამ ამ უკანასკნელს ფეხბურთელი მომჯობინებული დახვდა. დაახლოებით ამ პერიოდში საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ არაპუნქტუალურობა დემბელეს დამახასიათებელი ნიშანი იყო.

„ბარსელონას“ ფეხბურთელებმა თანაგუნდელის დახმარება სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ერნესტო ვალვერდემ კი დემბელეს დამოკიდებულების შესახებ ასეთი რამ თქვა: „ბურთს ყველა კარგავს. მთავარი ისაა ბურთის დაკარგვის შემდეგ რას აკეთებ“.

დემბელეს კარგი პრესა დიდი ხანია აღარ აქვს. ბარსელონაში ჩასვლისთანავე ესპანური გამოცემები იუწყებოდნენ, რომ კლუბმა მას პირადი შეფმზარეული დაუქირავა, რათა ფრანგს არაჯანსაღი საკვები აღარ მიეღო, თუმცა უსმანი ჯანსაღი ცხოვრების სტილსა და საკვებ რაციონს ყურადღებას არ აქცევს. ესპანური გამოცემები იმასაც ამბობენ, რომ დემბელე გვიანობამდე სათამაშო კონსოლით ერთობა და გამოძინებას თითქმის ვერასდროს ასწრებს.

„ბლაუგრანას“ იმედი ჰქონდა, რომ ანტუან გრიზმანის ტრანსფერი ახალგაზრდა შემტევზე გავლენას მოახდენდა, მაგრამ პრობლემები ვერც დემბელეს თანამემამულის შეძენამ აღმოფხვრა.

22 წლის შემტევის კატალონიური მომავალი ბურუსითაა მოცული, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ახალგაზრდა ფეხბურთელმა სერიოზული რეგრესი განიცადა და მისი ფასი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ეცემა. ასე რომ იქნებ დროა "ბარსელონამ" უსმანი ნეიმარის ტრანსფერში ჩართოს და "პარი სენ-ჟერმენს" დაუთმოს... ვინ იცის...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები