Aa
Aa

"მონობის" 2 წელი - მესამეც?

„თუ მეტყვი, რომ შენ გიყვარს ფეხბურთი, და შენ არ გიყვარს „ბარსელონა“, ესეიგი შენ პრობლემა გაქვს“.

ეს სიტყვები ტიერი ანრის ეკუთვნის. დიახ, იყო დრო როდესაც „ბარსა“ ისე თამაშობდა რომ მათი ცქერა ნებისმიერი გუნდის გულშემატკივრისთვის დიდი სიამოვნება იყო, მაგრამ ეს დრო წარსულს ჩაბარდა და ამას თავისი მიზეზები აქვს.

მესის კალიბრის მოთამაშე ისტორიაში 2 ან 3 თუ იყო, ან შესაძლოა არც ყოფილა. ყველას თავისი შეხედულება აქვს და ამაზე დავა ამ სტატიაში არ ღირს...

გუარდიოლა, ლუის ენრიკე და ვალვერდე - განსხვავება...

როცა შემადგენლობაში ლეო მესი გყავს ძნელია, რომ გუნდი მასზე არ ააწყო. ეს პროცესი ბუნებრივად მიმდინარეობს, კარგი მწვრთნელი მას წყნარად და ზუსტად მიჰყვება, საბოლოოდ კი ის იღებს შედეგს, რომელიც არის საუკეთესო.

პეპ გუარდიოლამ გუნდი მესის ირგვლივ ააშენა, თუმცა „ბარსა“ ლეოს გარეშე არ იყო ისეთი უსუსური როგორიც დღეს არის.

„მიზეზი იმისა რატომაც მესი ფლანგიდან ცენტრში გადმოვიყვანე იყო შეტევების გაძლიერება და ასევე დაცვაში უკეთესად თამაში.

ევროპაში ბევრი მცველი შეტევაში ხშირად ერთვება. არ მინდოდა, რომ მესი ფიზიკურად ზედმეტად დამეხარჯა. ასეთ სიტუაციაში ის თავის ტალანტსა და შესაძლებლობებს მოედნის ბოლო მონაკვეთში, მეტოქის საჯარიმოსთან გაცილებით ეფექტურად იყენებს.

პირველივე დღიდანვე ვცდილობდი, რომ ლეოსთვის გუნდზე თამაში მესწავლებინა. ამჟამად იგივეს ვაკეთებ აგუეროსთან მიმართებაშიც“. - ეს პეპ გუარდიოლას სიტყვებია და მისსა და ვალვერდეს მიდგომებს შორის არსებული ფუნდამენტური განსხვავება აქედანაც ჩანს.

რა თქმა უნდა, მესის გარეშე ისე ვერ ითამაშებ როგორც მასთან ერთად, მაგრამ რაც ბოლო 2 წელია „ბარსელონაში“ ხდება დამაფიქრებელია...

გუარდიოლას საათივით აწყობილი გუნდი მესის გარეშეც ლამაზად, დამაჯერებლად და მრისხანედ გამოიყურებოდა და ეს ძლიერ შემადგენლობასთან ერთად მწვრთნელის სწორი ტაქტიკის დამსახურება იყო.

ვალვერდემ გუნდი მესიზე იმდენად დამოკიდებული გახადა, რომ ლეომ გუნდზე თამაშს მოუკლო. ეს ბუნებრვი და გარდაუვალი რამ იყო. როდესაც გოლების შექმნა და რეალიზება 80% შენზე მოდის, შემდეგ სწორედ ასეთი რამ ხდება...

პეპის მსგავსად ვერა, მაგრამ მესის გარეშე გუნდის გადაწყობა წარმატებით შეძლო ლუის ენრიკემ, რომელმაც მატჩამდე ფავორიტ „რეალს“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ლეოს გარეშე 4:0 სძლია და ეს ძალიან ლამაზ სტილში გააკეთა.


 

უყურებდი მატჩს და ხედავდი მსოფლიოს საუკეთესო გუნდს, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე თამაშობდა, მაგრამ მათ ეს საერთოდ არ ეტყობოდათ.

დიახ, ენრიკეს ინიესტა ჰყავდა და კიდევ ბევრი სხვა. მან გუნდი იდეალურ კონდიციებამდე მიიყვანა, მაგრამ მთავარი შემოქმედი მაინც სხვა იყო - ნეიმარი.

რა მოხდა ნეიმარის წასვლის შემდეგ - „მონობის“ 2 წელი

ბრაზილიელი ფეხბურთელი ერთადერთია, ვინც გადამწყვეტ მომენტში მესის არყოფნის დროს ლიდერობა იტვირთა და ეს რთული მისია იდეალურად შეასრულა.

ნეიმარმა ფანტასტიურად ითამაშა პსჟ-სთან 6:1-ის დროს, როდესაც ლეოს თამაში არ წაუვიდა, მას მჭიდროდ მეურვეობდნენ, ამით კი ბრაზილიელმა ისარგებლა და რაც მოხდა ყველამ ვნახეთ.

2017 წელს ნეიმარმა „ბარსა“ დატოვა და მასთან ერთად გუნდიდან ლუის ენრიკეც წავიდა. ერნესტო ვალვერდემ კი მუშაობა რისკის გარეშე დაიწყო. ბასკმა სპეციალისტმა ახალი ველოსიპედის გამოგონებისგან თავი შეიკავა და არც ხმაურიანი ტრანსფერები მოუთხოვია.

ამრიგად, გუნდი თავიდან ბოლომდე მესის ირგვლივ აეწყო. ვალვერდეს არგენტინელის გარდა სხვა გეგმა არ გააჩნია.

გულშემატკივრები ხშირად იყენებენ ფრაზას - გუნდი მესის დაემონა, ალბა მესის პირადი მსახურია და ა.შ.

დიახ, ეს მართლაც ასეა. ბოლო წლებში ხორდი ალბამ მესის იმდენი საგოლე გადაცემა გაუკეთა, რომ ეს ყველაფერი უკვე გაკვირვებასაც იწვევს...

ერთი მოთამაშე მეორეს ამდენ საგოლე გადაცემას უკეთებდეს და თან თითქმის ყველა ერთ სტილში - უბრალოდ დაუჯერებელია. ესპანელი მოედანზე სულ ლეოს ეძებს და როდესაც მესი არ თამაშობს, ალბას როლი იკლებს და მის თამაშში ხარვეზები ჩნდება.


 

ვალვერდეს სტილმა გუნდს შარმი დაუკარგა, ის ცეცხლი ჩააქრო, რომელიც „კამპ ნოუზე“ ყოველ უქმეებზე ინთებოდა ხოლმე. „ბარსა“ თავის საყვარელ 4-3-3-საც კი გადაეჩვია. ბასკის ხელში გუნდი 4-4-2-ის დროს უფრო დამაჯერებლად გამოიყურება ხოლმე.

ამ ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს. შემადგენლობაში არავინაა ისეთი მოთამაშე, ვინც მესისგან დამოუკიდებლად რაიმე ღირებულს შექმნის.

გუნდმა ფსონი კოუტინიოსა და დემბელეზე გააკეთა, თუმცა რისკი კატასტროფული გამოდგა და მან ოდნავადაც არ გაამართლა.

ყველაფერს ორი მხარე აქვს - შესაძლოა მოთამაშეები გუნდს ისე ვერ შეეწყვნენ როგორც საჭირო იყო და შესაძლოა მათ ის ხასიათი არ აღმოაჩნდათ, რაც „ბარსელონას“ შეეფერება... ან, შესაძლოა პრობლემა მწვრთნელშია!

როგორ დეგრადირდა „ბარსა“

რატომ მუშაობს „ბარსა“ ნეიმარის დაბრუნებაზე? პასუხი ზემოთ უკვე დავწერეთ და დაკვირვებული მკითხველი ამას მიხვდება...

კატალონიელთა ბორდი ცდილობს დაიბრუნოს მოთამაშე, რომელსაც გუნდის ლიდერობა მესის გარეშე და მასთან ერთადაც შეუძლია.

ნეიმარს ბევრი მინუსი აქვს - მან ვერ აჩვენა ის, რასაც მისგან ელოდნენ. შესაბამის დონეზე იგი ვერ ლიდერობს ბრაზილიის ნაკრებს, ვერც პსჟ-ს დაეხმარა ევროპაში სახელის დასამკვიდრებლად, თუმცა მან დაგვანახა, რომ შეუძლია იყოს „ბარსას“ ლიდერი.

კლუბი ვალვერდეს ნდობას უცხადებს და ბასკიც შემადგენლობას თავის სტილში აკომპლექტებს.

და როგორ ხდება ეს... ვალვერდეს მოსწონს ნახევარმცველები, რომლებიც ძირითადად დაცვაზე არიან ორიენტირებულნი. ტექნიკური, მოაზროვნე, მაგრამ მაინც დაცვაზე ორიენტირებული.

ვალვერდეს ფორმაციის „ბარსას“ ნახევარდაცვაში არ ჰყავს შემტევი სტილის მოთამაშე, რომელიც მოედნის ცენტრიდან თამაშს გაამწვავებს. ამ ყველაფერს მესი აკეთებს. ის იწევს სიღრმისკენ და ის იწყებს შეტევებს.

ლეო ძველებურად საჯარიმოსთან ბურთის მოლოდინში აღარ და ვეღარ მოძრაობს (როგორც მას პეპი იყენებდა), ის თამაშს თავად ქმნის - ბოლო წლებში იგი ჩავიც, ინიესტაც და თავისი თავიც არის.

2017-2019 წლებში მესი სეზონის ბოლოს გამოწურულ ლიმონს ჰგავს და ეს კლუბისთვის კარგად არ სრულდება. „ბლაუგრანამ“ ჩემპიონთა ლიგა ბოლოს 5 წლის წინ მოიგო და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

ყველაზე მთავარი, რაც ვალვერდემ გუნდს დამართა არის დაცვითი პოტენციალის შესუსტება. „ბარსა“ თავცდაცვას ყოველთვის მეტოქის ნახევრიდან და საჯარიმოდან იწყება. კატალონიელებისთვის საუკეთესო თავდაცვა თავდასხმა იყო. შეტევის დასუსტებამ გუნდის უკანა ხაზს პრობლემები შეუქმნა, მწვრთნელმა კი მათი მოგვარება ნახევარდაცვაში დაცვითი სტილის მოთამაშეების მომრავლებით სცადა.

4-3-3-ის დროს მოედნის ცენტრში სამივე ნახევარმცველი თავდაცვაზეა ორიენტირებული. ინიესტას წასვლის შემდეგ, კატალონიელთა შუა ხაზში შეტევაზე ორიენტირებულ მოთამაშეს ვეღარ ნახავთ.

გასული სეზონის სტარტზე ვალვერდემ ძველი სტილის დაბრუნება სცადა და ბუსკეცი-რაკიტიჩის დუეტს ცენტრში კოუტინიო შეუწყვილა, შეტევაში კი მესი-დემბელე-სუარესი გაამწესა.

გუნდი შეტევაში მართლაც ეფექტურად მოქმედებდა, თუმცა კონტრშეტევების დროს „ბარსა“ ზედმეტად ბევრ გოლს უშვებდა.

ამის შემდეგ გამოჩნდა, რომ კოუტინიო-დემბელედან რომელიმეს სკამზე დარჩენა მოუწევდა და საბოლოოდ ეს ყველაფერი ერთ-ერთი მათგანის კატალონიურ კარიერას დაასრულებდა. შემდეგ რაც მოხდა ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით...

ამ ზედმეტმა პრაგმატიზმმა და რეკორდულმა წაუგებელმა სერიამ ვალვერდე იქამდე მიიყვანა, რომ მან პრინციპულ მატჩებში გუნდი 4-4-2 სქემით აათამაშა. სიმეონეს ეგრეთწოდებული მძიმე ტაქტიკა. ოთხი ნახევარმცველიდან აპლუით ყველა ცენტრალური. ვინ იფიქრებდა, რომ ამ უხეშ სქემას ოდესმე „ბარსაც“ გამოიყენებდა.

საბოლოოდ მივიღეთ ასეთი რამ - ისტორიულად ლაღი „ბარსელონა“ ფრთხილ, ერთ კაცზე ზედმეტად დამოკიდებულ, პრაგმატულ გუნდად იქცა.

ანტუან გრიზმანის შეძენის შემდეგ და ნეიმარის შესაძლო დაბრუნების შემთხვევაში (ბრაზილიელის გარეშეც) „ბარსას“ შემადგენლობა საკმაოდ საინტერესო ხდება და საინტერესოა გაართმევს თუ არა თავს ამ ყველაფერს ვალვერდე?..

რა უნდა შეიცვალოს „ბარსას“ სქემაში?

საკუთარი სტილისა და სახის დაკარგვის შემდეგ „ბარსას“ კიდევ ერთი პრობლემაც დაემატა - გუნდის ნახევარდაცვა დამძიმდა.

მოედნის ცენტრში ბუსკეცი-რაკიტიჩის დუეტი ისეთი ვეღარ არის როგორიც 3-4 წლის წინ იყო. ამასთან ერთად, მათ გვერდით აღარ ჰყავთ ინიესტა, რაც ხსენებული დუეტის მინუსებს უფრო მკვეთრად აჩენს.

ფრენკი დე იონგის ტრანსფერი ბართომეუს გუნდის მიერ გადადგმული ერთ-ერთი (თუ საუკეთესო არა) საუკეთესო ნაბიჯია.

ახალგაზრდა ჰოლანდიელი „ბლაუგრანას“ ცენტრს უფრო მოძრავს, ფეთქებადს, აგრესიულსა და საინტერესოს გახდის.

აუცილებელია, რომ დე იონგთან ერთად მოედნის ცენტრში ადაპტირდეს არტურიც. ჰოლანდიელის გუნდში მოსვლა ვალვერდეს გარისკვის საშუალებასაც აძლევს. „ბარსას“ ამჯერად საჭიროების შემთხვევაში 4 შემტევით თამაშის შესაძლებლობა უჩნდება. სულ სხვა საქმეა რას იზამს ვალვერდე...

ბასკმა სპეციალისტმა ლა ლიგის პირველ ტურში გრიზმანი, დემბელე სუარესის ტრიო გამოიყენა. მესის არყოფნის დროს უმრავლესობა ფიქრობდა, რომ ლეოს ადგილს მოედანზე გრიზმანი დაიკავებდა, მაგრამ არა.

ვალვერდემ ფრანგი მარცხენა ფლანგზე გაამწესა, იქ სადაც ის ბოლო წლებში პრაქტიკულად აღარ თამაშობს. ანტუანის ქმედითუნარიანობა მოედანზე საგრძნობლად იკლებს, როდესაც ის მარცხნიდან უტევს.

რა თქმა უნდა, არავის სჯერა და არავინ ფიქრობს იმას, რომ ვალვერდე ასეთი სულელია და გრიზმანს მთელი სეზონი მარცხენა ვინგერად გამოიყენებს. ასეთ შემთხვევაში მას კოუტინიოს ბედი ელის და 1-2 წელში კლუბი მასაც გაყიდის, თუ რა თქმა უნდა მსგავსი საშინელი სცენარი განვითარდა.

სავარაუდოდ, ვალვერდემ ხსენებული სქემა სეზონის სტარტზე უბრალოდ დატესტა და მეტი არაფერი.

თუ გუნდი 4 შემტევით თამაშს გადაწყვეტს ვალვერდეს 4-2-3-1-ის გამოყენება მოუწევს. ტერ შტეგენის წინ სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბას კვარტეტი ყველაზე მეტად მოსალოდნელია. ნახევარდაცვაში კი დე იონგს სავარაუდოდ ბუსკეცი შეუწყვილდება, თუმცა არტურის გამოჩენის შანსიც არსებობს. წინ კი მესი, გრიზმანი, დემბელე (ან ნეიმარი) და სუარესი იმოქმედებენ.

მესი და გრიზმანი გამთამაშებლისა და მარჯვენა გარემარბის როლებს ეტაპობრივად გაცვლიან ხოლმე, მარცხენა ფლანგზე კი უსმან დემბელე იმოქმედებს, რა თქმა უნდა ნეიმარის ტრანსფერის შემთხვევაში ამ პოზიციაზე 99% ბრაზილიელი ითამაშებს.

ფორვარდად ლუის სუარესი ჯერჯერობით ხელშეუხებელია, თუმცა სხვა სქემის გამოყენების შემთხვევაში ურუგვაელს შესაძლოა როტაცია შეეხოს.

იქედან გამომდინარე თუ რა სტილის მწვრთნელია ვალვერდე და როგორ არ უყვარს გარისკვა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის კვლავინდებურად 4-3-3-ს დაეყრდნობა და სამი შუხაზელით ითამაშებს. ასეთ შემთხვევაში, ლოგიკურად ბუსკეცი-დე იონგი-არტურის ტრიო ყველაზე პროგნოზირებადია.

უკანა ხაზი უცვლელი დარჩება. ყველაზე საინტერესო კი თავდასხმა იქნება. ვინ შეუწყვილდება მესის? უკვე ვისაუბრეთ, რომ გრიზმანის მარცხენა ფლანგზე გამოყენება ყველაზე დიდი სუსულელე იქნება, აქედან გამომდინარე ფრანგი სავარაუდოდ ლუის სუარესს შეცვლის და მათ როტაციაში თამაში მოუწევთ.

მარცხენა ვინგერად კი ამ ეტაპზე დემბელე ითამაშებს. ნეიმარის ტრანსფერის შემთხვევაში კი ვიცით რაც მოხდება...

დასკვნა: გამოსავალი და აუცილებელი რისკი, რომელიც გუნდს სახეს დაუბრუნებს

დე იონგის როლზე უკვე ვისაუბრეთ. ფრენკი მოედნის ცენტრს აუცილებლად გამოაცოცხლებს. ის საქმეს გაუმარტივებს ბუსკეცს და ასევე უკან ჩამოსულ მესისაც.

ვალვერდემ გრიზმანი არ უნდა გამოიყენოს ისე როგორც ერთი რიგითი, კარგი ფორვარდი, რომელიც მესის წინ იმოქმედებს და მის მიერ შექმნილ შანსებს გამოიყენებს. ანტუანს გაცილებით მეტი შეუძლია.

ფრანგს შეუძლია მოედანზე მესის კომფორტი შეუქმნას და მისი სამუშაოს ნაწილი გადაიბაროს. გრიზმანს სიღრმიდან თამაში და ბურთის განაწილება კარგად გამოსდის. მას მოედნის ხედვა და საგოლე შეტევების შექმნის უნარი ნამდვილად აქვს.

„ბარსას“ საკმაოდ დაბალანსებული დაცვა, გამოცდილი და ახალსისხლგადასხმული ნახევარდაცვა, ასევე უმაღლესი დონის თავდასხმა ჰყავს. პლუს ამას სავარაუდოდ კლუბი კიდევ 1 ტრანსფერს განახორციელებს, იქნება ეს ნეიმარი თუ ვინმე სხვა, ცალსახაა, რომ ეს გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს.

ვალვერდემ რაიმე ახალი უნდა სცადოს, ან ძველი, კარგი და ნაცადი გამოიყენოს. ფაქტია, რომ ის სტილი რომელიც კლუბს ბოლო 2 სეზონში ჩამოუყალიბდა გუნდისთვის სასარგებლო არ არის და სეზონის ბოლოს სამარცხვინო, ისტორიული მარცხებით სრულდება.

ამ თემაზე მეტად საუბარი ამ მომენტისთვის წარმოუდგენელია. სეზონი ახლახანს დაიწყო და პლუს ამას სატრანსფერო ფანჯარაც ჯერ არ დახურულა.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები