Aa
Aa

ოფიციალურად! გოლოვკინი 5 ოქტომბერს იჩხუბებს

გენადი გოლოვკინი რინგზე 5 ოქტომბერს დაბრუნდება. ყაზახი მებრძოლი, „მედისონ სქუეარ გარდენში“ იჩხუბებს და სერგეი დერევიანჩენკოს დაუპირისპირდება. მოკრივეები ერთმანეთს IBF-ის საჩემპიონო ქამრისთვის შეერკინებიან, რომელიც 1 აგვისტოს კანელო ალვარესს ჩამოართვეს.

მექსიკელმა მებრძოლმა ქამარი მას შემდეგ დაკარგა, რაც დერევიანჩენკოს წარმომადგენლებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. გოლოვკინს იმედი ჰქონდა, რომ კანელოს გაეჯიბრებოდა, მაგრამ ჯერ უკრაინელი მოკრივის ბარიერის დაძლევა მოუწევს.

კრივის ექსპერტები ფავორიტად ყაზახ მებრძოლს მოიაზრებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ დაძაბული და საინტერესო ჯახი იქნება.

გენადის კარიერის განმავლობაში 41 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული და გამარჯვება 39-ჯერ მოიპოვა. გოლოვკინს ერთადერთი მარცხი აქვს, რომელიც კანელო ალვარესთან განიცადა.

რაც შეეხება დერევიანჩენკოს, უკრაინელი რინგზე 14-ჯერ გავიდა და სასურველი შედეგი 13-ჯერ დააფიქსირა. 33 წლის მოკრივის ანგარიშზე ერთი წაგებაა.

2018 წლის 27 ოქტომბერს დერევიანჩენკოს IBF-ის საჩემპიონო ქამრის მოპოვების შანსი ჰქონდა, მაგრამ დენიელ ჯეიკობსის წინააღმდეგობა ვერ დაძლია.

ცხელი ამბები