Aa
Aa

ანრი: "მჯერა, რომ შემიძლია წარმატებული მწვრთნელი გავხდე"

„არსენალისა“ და „ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, ტიერი ანრის სამწვრთნელო კარიერამ ცუდი სტარტი აიღო. ფრანგმა მოთამაშემ 2018 წლის ოქტომბერში „მონაკო“ ჩაიბარა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობის იმედები ვერ გაამართლა და 3 თვის შემდეგ დაკავებული პოსტი დაატოვებინეს.

„მონაკოში“ განცდილი ფიასკოს მიუხედავად, ანრი იმედიანადაა განწყობილი და ტოპ კლუბში მუშაობის ამბიცია აქვს. ფრანგმა ლეგენდამ სამწვრთნელო კარიერის შესახებ Telegraph-თან ისაუბრა და განაცხადა:

„ნეგატივზე არ ვფიქრობ და პოზიტივზე ვარ ორიენტირებული. მონაკოში ამიტომ წავედი და მთავარი მწვრთნელის ფუნქციების კიდევ ერთხელ შეთავსება სწორედ ამიტომ მსურს“.

„თუ გინდა გიჟი მიწოდეთ, მაგრამ ფეხბურთი ძალიან მიყვარს და მჯერა, რომ შემიძლია წარმატებული მწვრთნელი გავხდე. იმედგაცრუებაზე და წარუმატებლობაზე არ ვფიქრობ და არ მინდა მიზანს მარტივად მივაღწიო“.

„მონაკოში ბევრი რამ ვისწავლე. მონაკო პირველი კლუბია, რომელმაც როგორც ფეხბურთელს, ასევე მთავარ მწვრთნელს თავის გამოჩენის საშუალება მომცა და მე ამისი გამო მუდამ მისი მადლიერი ვიქნები“.

„არაფერს ვნანობ. ვთვლი, რომ ძალიან რთული დავალება მქონდა შესასრულებელი, მაგრამ უფრო მეტი დრო რომ მიმეღო, მიზანს აუცილებლად მივაღწევდი. თუმცა, როცა შედეგს ვერ აფიქსირებ, სხვა ყველაფერს აზრი არ აქვს, უნდა წახვიდე“.

Telegraph-თან საუბრისას ანრიმ აღიარა, რომ პროფესიული განვითარებისთვის მაქსიმუმს აკეთებს და ხანდახან „არსენალის“ მატჩებსაც ესწრება, თანაც ისე, რომ მისი ტრიბუნებზე ყოფნის შესახებ „მეთოფეების“ ქომაგებმა არაფერი იციან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები