Aa
Aa

"ფიორენტინამ" რიბერის ტრანსფერი დაადასტურა! - ფრანგი ვარსკვლავი ფლორენციაშია

ფრანკ რიბერი ფლორენციის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა, "ფიორენტინამ" კი მისი ტრანსფერის გაფორმების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

36 წლის ფრანგმა ვარსკვლავმა პრესასთან მცირე კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ "იებში" გადასვლის შესახებ ყოფილ თანაგუნდელ ლუკა ტონის ესაუბრა, რომელიც "ფიორეს მაისურით 2005-2007 და 2012-2013 წლებში თამაშობდა.

"ბედნიერი ვარ, რომ მე და ჩემი ოჯახი აქ ვართ. "ფიორენტინასთან" მოლაპარაკებებს ბოლო კვირის განმავლობაში აქტიურად ვმართავდი, ასევე ვესაუბრე ლუკა ტონის, რომელმაც მითხრა, რომ "ფიორე" დიდი გუნდია, ფლორენცია კი ლამაზი ქალაქი. აქ ყველაფერი მომწონს, მათ შორის - იტალიური ენა". - განაცხადა რიბერიმ ჯანლუკა დი მარციოს საიტთან საუბრისას.

ვეტერან ფრანგს აეროპორტში "ვიოლას" ასობით ტიფოზი, ასევე კლუბის წარმომადგენლები დახვდნენ, რომელთა შორისაც კლუბის დირექტორთა საბჭოს ახალი წევრი და გუნდის ყოფილი კაპიტანი დარიო დაინელიც იყო.

რიბერიმ "იებთან" 2-წლიან კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით, წლიურ ხელფასად 4 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც თითოეულ სეზონში 500 ათასი ევრო ბონუსების სახით დაემატება. ფეხბურთელი "ფიორეს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ „ფიორენტინამ“, რომელსაც მილიარდერ როკო კომისოს სახით ახალი მფლობელი ჰყავს, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას კევინ-პრინც ბოატენგი, ერიკ პულგარი, მილან ბადელი, პოლ ლიროლა და სებასტიან კრისტოფორო დაიმატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები