ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობა სენსაციური გამარჯვებით დაიწყო!
Aa
Aa

ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობა სენსაციური გამარჯვებით დაიწყო!

მარიამ ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობაზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ბრიტანელ ჰეზერ უოტსონთან სენსაციური, მაგრამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ვოტსონი 27 წლისაა, კარიერის საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებელი კი წელს, თებერვალში ჰქონდა, როცა მსოფლიოს 39-ე ჩოგანი იყო. ბრიტანელს, რომელიც ერთ დროს საკუთარი ქვეყნის პირველი ნომერი იყო, WTA-ს ეგიდით 3 ტიტული აქვს მოგებული. დიდი სლემის ტურნირებზე იგი მე-3 წრეზე შორს არასდროს გასულა. ჰეზერმა გასულ კვირას ვანკუვერის 100 000-იანი ტურნირი მოიგო და ქართველთან მატჩს კარგ ფორმაში შეხვდა.

თამაში დამსახურებულ ფავორიტად შერაცხული ვოტსონის უპირატესობით დაიწყო და იგი ბრეიკით ორჯერ დაწინაურდა, თუმცა 2:4-დან მარიამმა ზედიზედ 6 გეიმი მოიგო და პირველი პარტიის მოგებასთან ერთად, მეორე სეტშიც ბრეიკიანი უპირატესობა მოიპოვა, რის შემდეგაც შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია - 6:4; 6:2.

ბოლქვაძემ 1 ეისი მოაწოდა და 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა. პირველ მოწოდებაზე მოგებული ქულების მხრივ მშვენიერი პროცენტი ჰქონდა (82%) - 28-დან 23 ქულა. რაც შეეხება მეორე ჩაწოდებას, მასზე 30-დან 12 ქულა მოიგო. მარიამმა ჩაწოდება ორჯერ დაკარგა, თავად კი 5 ბრეიკის შესრულება შეძლო.

21 წლის ქართველი ჩოგბურთელი US OPEN-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 წრეში სამხრეთ კორეელ ლაე ჰანზე გავიდა, რომელმაც გამოცდილ სლოვაკ მაგდალენა რიბარიკოვას 3 სეტში აჯობა.

ჰანი 27 წლისაა და დიდი სლემის ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპზე მხოლოდ ორი შეხვედრა აქვს მოგებული - ორივე ამსერიკის ღია პირველობაზე. საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებელი მიმდინარე წლის ივნისში ჰქონდა, როცა მსოფლიოს 149-ე ჩოგანი გახლდათ. ჰანმა, გასული წლის სექტემბერში, WTA-ს მისთვის ამ დრომდე ერთადერთი ტიტული სეულის ტურნირზე მოიგო, ITF-ის მასშტაბით კი 16 ჩემპიონობა აქვს მოპოვებული.

ბოლქვაძე და ჰანი ერთმანეთის წინააღმდეგ პირველ ურთიერთშეხვედრას გამართავენ. მატჩი 22 აგვისტოს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები