Aa
Aa

"იუვე" გააქტიურდა - ტურინელები ნეიმარს უმიზნებენ

გავლენიანი ესპანური გამოცემა AS სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს და იტყობინება, რომ ნეიმარისთვის ბრძოლაში ტურინის „იუვენტუსი“ ჩაერთო. „ბებერი ქალბატონის“ სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ ფრანგებს მეგა-წინადადებით მიმართა. „ბიანკონერი“ მზადაა „ნეის“ სანაცვლოდ დიბალა დათმოს და პსჟ-ს დაახლოებით 100 მილიონი ევრო გადაუხადოს.

„პარი სენ-ჟერმენთან“ მოლაპარაკებების პარალელურად, „იუვე“ ბრაზილიელი ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს. ტურინელები ნეიმარს ჰპირდებიან, რომ „ალიანც სთედიუმზე“ გადასვლის შემთხვევაში, ზუსტად იგივე ხელფასი ექნება, რასაც „პარკ დე-პრენსზე“ იღებს.

თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. AS-ის მიხედვით „იუვენტუსს“ ტრანსფერის გასაჩარხად რამდენიმე ფეხბურთელის გასხვისება მოუწევს. საუბარი მანჯუკიჩზე, მატუიდიზე და რუგანიზეა. აღსანიშნავია, რომ თუ „იუვემ“ ნეიმარის შეძენა მოახერხა, გუნდს სავარაუდოდ იგუაინიც დატოვებს.

„ბებერი ქალბატონის“ გარდა „ნეის“ გადაბირება „ბარსელონასა“ და „რეალს“ სურთ, მაგრამ ესპანური გამოცემა ფავორიტად „იუვენტუსს“ ასახელებს. AS-ის ინფორმაციას Onda Cero-ც ადასტურებს და აცხადებს, რომ ნეიმარის ტრანსფერთან „ბიანკონერი“ უფრო ახლოსაა, ვიდრე „ბლაუგრანა“ და „ბლანკოსი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები