ბადე ცნობილია! - გორგოძე და ბოლქვაძე US OPEN-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ
Aa
Aa

ბადე ცნობილია! - გორგოძე და ბოლქვაძე US OPEN-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ

ქართველი ჩოგბურთელები, ეკატერინე გორგოძე და მარიამ ბოლქვაძე, US OPEN-ის ძირითად ბადეში მოსახვედრად შესარჩევ ეტაპზე იბრძოლებენ. წილისყრამ მათი მეტოქეები გაარკვია და, შეიძლება ითქვას, ორივეს საკმაოდ რთული ბადე შეხვდა.

გორგოძე, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 212-ე ჩოგანია, პირველ წრეში საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-10 ნომრად განთესილ ვან სიუს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ბელგიელ იანინა ვიკმაიერსა და ელიცა კოსტოვას მატჩში უკეთესს შეხვდება. რაც შეეხება მესამე წრეში პოტენციურ მეტოქეს, ის, შესაძლოა, ჯემი ლოები ან კვალიფიკაციის 29-ე ნომერი, ჰარიეტ დარტი, იყოს.

View this post on Instagram

#newyork ????✨

A post shared by Ekaterine Gorgodze (@eko_gorgodze) on Aug 18, 2019 at 7:34pm PDT

ვან სიუ 18 წლისაა და საჩოგბურთო სამყაროსთვის თავის გაცნობა უკვე მოასწრო, რაც გასულ წელს ამერიკის ღია პირველობის იუნიორთა ტურნირის მოგებით მოახერხა. იგი წყვილთა შორის იუნიორთა უიმბლდონის 2018 წლის გამარჯვებულიცაა. ზოგადად, სიუ წყვილთა თანრიგში წარმატებულია, რაზეც, იუნიორთა შორის, 2017 წელს ამერიკის ღია პირველობაზე ნათამაშები ფინალი და ავსტრალიის ღია პირველობასა და როლან გაროსზე დაფიქსირებული 1/2 ფინალები მეტყველებს.

რაც შეეხება მეორე წრეში სავარაუდო მეტოქეს, იანინა ვიკმაიერს, იგი 2010 წელს მსოფლიოს მე-12 ჩოგანი გახლდათ, 2009 წელს კი ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში გააღწია და იქ კაროლინ ვოზნიაცკისთან დამარცხდა. 29 წლის ბელგიელს კარიერაში 5 ტიტული აქვს მოგებული, თუმცა საუკეთესო ფორმაში დიდი ხანია აღარაა და მისი დამარცხება რთული, მაგრამ სრულიად შესაძლებელია.

კიდევ უფრო რთული ბადე აქვს 21 წლის მარიამ ბოლქვაძეს, რომელიც პირველ რაუნდში ბრიტანელ ჰეზერ ვოტსონს შეხვდება. ვოტსონი ბოლო დროს საკმაოდ კარგ ფორმაშია და გასულ კვირას ვანკუვერის 100 000-იანი ტურნირი მოიგო. 

ვოტსონი 27 წლისაა, კარიერის საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებელი კი წელს, თებერვალში ჰქონდა, როცა მსოფლიოს 39-ე ჩოგანი იყო. ბრიტანელს WTA-ს ეგიდით 3 ტიტული აქვს მოგებული. დიდი სლემის ტურნირებზე იგი მე-3 წრეზე შორს არასდროს გასულა.

ვოტსონთან გამარჯვების შემთხვევაში, ბოლქვაძე ჰანისა და რიბარიკობას წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, მე-3 წრეში პოტენციური მოწინააღმდეგე კი დუვალი, სუ, ორმაეჩეა ან ფლინკი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ეკო გორგოძე US OPEN-ის გასული წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 რაუნდში კანადელ ვარსკვლავ ეჟენი ბუშართან დამარცხდა, მარიამ ბოლქვაძე კი ამ ტურნირზე პირველად იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები