Aa
Aa

დრამატული ფინალი კიზის სასარგებლოდ! - ცინცინატიში მასპინძელმა იმარჯვა

ცინცინატის ქალთა საჩოგბურთო ტურნირი მედისონ კიზის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მასპინძელი ამერიკის ღირსება წარმატებით დაიცვა და თავის კარიერაში ყველაზე პრესტიჟული ტიტული მოიპოვა.

კიზს საკმაოდ რთული ბადე ჰქონდა და ტურნირის მიმდინარეობისას, სხვებთან ერთად, გარბინ მუგურუსას, სიმონა ჰალეპსა და ვენუს უილიამსს მოუგო, ფინალში კი რუს სვეტლანა კუზნეცოვაზე გავიდა.

დიდი სლემის ტურნირების ორგზის გამარჯვებულმა 34 წლის კუზნეცოვამ კი ფინალამდე სლოუნ სტივენსს, კაროლინა პლიშკოვასა და ეშლი ბარტის აჯობა.

პირველი სეტი სწორედ ვეტერანი რუსის უპირატესობით წარიმართა და 5:4-ზე სეტის მოსაგებადაც აწვდიდა, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა ზედიზედ 3 გეიმის წაგებით პარტიაც ამერიკელს დაუთმო.

დაახლოებით იგივე სცენარი გათამაშდა მეორე სეტშიც, როცა ასევე 5:4-ზე კუზნეცოვა აწვდიდა, კიზმა ამჯერად ტაიბრეიკზე იმარჯვა და თამაში 2 სეტში დაასრულა - 7:5; 7:6.

24 წლის ამერიკელმა კარიერაში მეხუთე ტიტული მოიგო, მის ყველაზე დიდ მიღწევად კი ამერიკის ღია პირველობის 2017 წლის ფინალი რჩება, სადაც გამარჯვება მის მეგობარ სლოუნ სტივენსს დარჩა.

კიზს რეიტინგში 710 ქულა დაემატა, 7 საფეხურით დაწინაურდა და დღეიდან მსოფლიოს მე-10 ჩოგნის სტატუსი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები