Aa
Aa

მედვედევის პირველი მასტერსი - 9 წლის შემდეგ პირველი რუსი TOP 5-ში

დანილ მედვედევმა მასტერსის სერიის ტურნირი კარიერაში პირველად მოიგო. რუსმა ჩოგბურთელმა ეს ამერიკის ქალაქ ცინცინატიში გააკეთა.

მედვედევმა ტურნირის ნახევარფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, დაამარცხა და ფინალში ბელგიელ დავიდ გოფენზე გავიდა, რომელიც მასტერსის სერიის ტურნირის ფინალში პირველად თამაშობდა.

ორივე სეტში მედვედევი შესამჩნევ უპირატესობას ფლობდა, თუმცა პირველი პარტიის ბედის გადასაწყვეტად ტაიბრეიკი დასჭირდა, მეორე სეტში კი 1 ბრეიკი იკმარა - 7:6; 6:4.

მედვედევმა კარიერაში მეხუთე ტიტული მოიგო, გუშინდელი გამარჯვება კი მისთვის ყველაზე პრესტიჟულია, რადგან 1000-იანი ტურნირის ჩემპიონი გახდა.

23 წლის რუსს ATP-ს რეიტინგში 965 ქულა დაემატა, რითაც დღეიდან მსოფლიოს მე-5 ჩოგანი გახდა. 2010 წლის ივნისის შემდეგ პირველადაა, რომ რუსეთს საუკეთესო ხუთეულში წარმომადგენელი ჰყავს. მაშინ ამ სტატუსით ნიკოლაი დავიდენკო სარგებლობდა.

მედვედევმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოსახვედრად უდიდესი ნაბიჯი გადადგა და უკვე თითქმის გამორიცხულია, რომ ლონდონში გასამართმა გათამაშებამ მის გარეშე ჩაიაროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები