Aa
Aa

"ბარსელონას" ფიასკო - რა გვაჩვენა "ბილბაოსთან" მატჩმა

კატალონიის "ბარსელონამ" 2019-20 წლების სეზონი ცუდად დაიწყო. "ბლაუგრანამ" სტუმრად "ბილბაოს" წინააღმდეგობის დაძლევა ვერ მოახერხა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

ბასკურ კლუბთან ჯახში გამოჩნდა, რომ ერნესტო ვალვერდეს ბევრი აქვს სამუშაო . "ბარსა" კვლავ წინასასეზონო ფორმაში იმყოფება. ესპანელი სპეციალისტის გუნდში თამაშობენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც სათანადო კონდიციებში არ იმყოფებიან და ისეთებიც, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იციან "ბარსელონაში" ასპარეზობა რას ნიშნავს.

ლა ლიგის გამარჯვებულის ბედი აგვისტოში ნამდვილად არ გაირკვევა და როგორც პიკემ თქვა სჯობს გუნდმა ახლა წააგოს, ვიდრე სეზონის ბოლოს, მაგრამ ვალვერდეს რეფორმები რომ აქვს გასატარებელი აშკარაა.

ნახევარდაცვის ხაზი

უცნაურია, მაგრამ ნახევარდაცვის ხაზმა, სადაც "ბარსელონას" უდიდესი რესურსი აქვს, "ბილბაოსთან" მატჩში საშინლად იასპარეზა. ფრენკი დე იონგმა სადებიუტო შეხვედრა დაბალ დონეზე ჩაატარა, მაგრამ ეს მისი ბრალი ნაკლებად იყო. ძირითად შემადგენლობაში დე იონგის, ალენას და სერხი რობერტოს ტრიოს გამწესება შეცდომა გახლდათ, რაც შეხვედრის მიმდინარეობისას მშვენივრად გამოჩნდა.

დე იონგს ბუსკეტსის ან რაკიტიჩის მსგავსი გამოცდილი და კვალიფიციური კომპანიონი სჭირდება, რომელიც ჰოლანდიელს დახმარებას გაუწევს. პირველ ტაიმში "ბარსელონა" ჩვეულ სტილში ვერ ასპარეზობდა, მეორე ნახევარში კი ხორვატი ფეხბურთელის გამოსვლასთან ერთად ყველაფერი შეიცვალა.

სუარესის შემცვლელი

"ბარსელონას" ლუის სუარესს შემცვლელი კვლავ არ ჰყავს. გუშინ, როცა ურუგვაელმა ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა, გრიზმანმა იგი ღირსეულად ნამდვილად ვერ ჩაანაცვლა. როგორც ჩანს "კამპ ნოუზე" სათადარიგო ცენტრფორვარდის პრობლემა ისევ აქტუალურია.

პასიური გრიზმანი

მესის გარეშე მოასპარეზე "ბარსელონას" არ აქვს იმის ფუფუნება, რომ გრიზმანის დონის ფეხბურთელები ინერტულები იყვნენ. ანტუანის პასიურობა ალბათ გუნდთან შეუთამაშებლობის ბრალია, მაგრამ ორი აზრი არაა, რომ "ბილბაოსთან" ვალვერდეს გრიზმანი ძალიან სჭირდებოდა.

მესიზე დამოკიდებულება აშკარაა

მესი "ბილბაოს" წინააღმდეგ ტრადიციულად კარგად თამაშობს. არგენტინელი ფეხბურთელი "ბარსას" სული და გულია და "ბარსელონას" მხსნელის ფუნქციები უამრავჯერ შეუთავსებია. ბასკებთან ჯახში კიდევ ერთხელ გამოჩნდა რას წარმოადგენს "ლა პულგა". აღსანიშნავია, რომ მესის გარეშე ჩატარებული ბოლო 6 თამაშიდან "ბლაუგრანამ" ვერცერთი მოიგო.

სად იყო დემბელე?

ეჭვი არავის ეპარება, რომ უსმან დემბელე ძალიან ნიჭიერი და მაღალი დონის ფეხბურთელია, მაგრამ ფრანგმა გუშინ საშინლად ითამაშა და დიდი ხანია "ბარსელონას" ავანსებს ვერ ამართლებს. "კამპ ნოუს" ბინადრები მოთმინებას ალბათ იმიტომ იჩენენ და დემბელეს შანსებს იმიტომ აძლევენ, რომ მის სანაცვლოდ დიდი თანხა აქვთ გადახდილი.

ისევ ვალვერდე

სეზონი ახლახანს დაიწყო და "ბარსას" ქომაგები უკვე მწვრთნელის გაშვებას ითხოვენ. ეს კარგი ნიშანი ნამდვილად არ გახლავთ.

რაფინია

რაფინიამ პირველი შეხვედრა მშვენივრად ჩაატარა და საკითხავია ღირს თუ არა მისი გასხვისება. ბრაზილიელი ვალვერდეს სქემას იდეალურად ერგება და ისეთი ფეხბურთელია, როგორიც ესპანელ სპეციალისტს მოსწონს. ასე რომ...

ნეიმარი

კოუტინიოს გაშვებამ ნეიმარის ტრანსფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. "ბარსელონას" ქომაგებს დიდი იმედი აქვთ, რომ "ბილბაოსთან" მატჩის ხილვის შემდეგ, კლუბის მესვეურები პანიკაში ჩავარდებიან და "ნეის" ტრანსფერის გასაჩარხად საჭირო ფინანსებს მოიძიებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები