პსჟ-ს დემბელე სურს,
Aa
Aa
16 აგვისტო 2019  |  13:01

პსჟ-ს დემბელე სურს, "ბარსა" უარზეა! "რეალი" კი მეგა-წინადადებას ამზადებს?

კატალონიური გამოცემა, Sport იუწყება, რომ ნეიმარის სატრანსფერო საგა უახლოეს პერიოდში დასრულდება. საკითხავი ისაა, ბრაზილიელი ფეხბურთელი კარიერას „რეალში“ გააგრძელებს, თუ „ბარსელონაში“.

„ბლაუგრანა“ და პსჟ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა ფრანგები 27 წლის სუპერვარსკლავის სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვენ, „კამპ ნოუს" ბინადრები კი ტრანსფერში ფეხბურთელთა ჩართვას აპირებენ. 

ფრანგების პოზიცია მარტივია. პარიზელები მზად არიან კოუტინიოსა და რაკიტიჩის მიღებაზე თანხმობა განაცხადონ, მაგრამ პლუს ამას 100 მილიონი ევრო სურთ, რაც „ბარსელონასთვის“ მიუღებელია. მიუხედავად ამისა, ორივე მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან რჩება და სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს.

გუშინ „პარი სენ-ჟერმენმა“ ტრანსფერში „კოუსთან“ ერთად უსმან დემბელეს ჩართვა მოითხოვა. დღეს კი კატალონიელებმა თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს და პარიზელები უარით გაისტუმრეს, მაგრამ Sport-ის მიხედვით მომდევნო დღეებში შესაძლებელია ყველაფერი შეიცვალოს.

„ბარსელონას" მომავლის იმედი აქვს. „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელები დარწმუნებულები არიან, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღის მოახლოებასთან ერთად, ფრანგები უკან დაიხევენ და იძულებულები გახდებიან ნეიმარის სანაცვლოდ გაცილებით ნაკლებს დასჯერდნენ. „ბარსა“ ამ მომენტს გამოიყენებს და პსჟ-ს კოუტინიოსა და რაკიტიჩს შესთავაზებს. „კამპ ნოუს“ ბინადრების აზრით ისინი ამ წინადადებით „პარი სენ-ჟერმენის“ დაყოლიებას მოახერხებენ და მიზანს მიაღწევენ. თანაც „ნეი“ მზადაა „ბარსაში" გადასვლის შემთხვევაში ხელფასის 15 მილიონი შემცირებას დათანხმდეს.

პრობლემა ისაა, რომ „ბარსელონა“ ერთადერთი კლუბი არაა, რომელიც ბრაზილიელ სუპერვარსკლავს უმიზნებს. მადრიდის „რეალს“ ნეიმარის გადაბირების პერსპექტივა ხიბლავს და უკან დახევას არ აპირებს.

Sport-ის ინფორმაციით „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა სესხი აიღო, რომელსაც ბრაზილიელი სუპერვარსკლავის ტრანსფერისთვის გამოიყენებს.

კატალონიური გაზეთის მიხედვით „ლოს ბლანკოსი „პარი სენ-ჟერმენს“ 120 მილიონ ევროს და ერთ ან ორ ფეხბურთელს შესთავაზებს. მადრიდელებს ნეიმარის აგენტთანაც კარგი ურთიერთობა აქვთ და მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებიან.

ასე რომ „ბარსელონასთვის“ ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც კატალონიელები თვლიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები