ძალადობრივი სისტემა და ''საბურთალო,'' როგორც მომავლის გუნდი
Aa
Aa

ძალადობრივი სისტემა და ''საბურთალო,'' როგორც მომავლის გუნდი

როცა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მოლდოვაში ამარცხებდა ''შერიფს,'' გამოცდილებითა და ფინანსური შესაძლებლობებით გაცილებით ძლიერ კლუბს, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ რამდენიმე კვირაში სომხეთის ჩემპიონი წაგებული საშინაო მატჩის შემდეგ ''მიხეილ მესხზე'' ''საბურთალოს'' ორბურთიანი უპირატესობით მოუგებდა და ფლეი-ოფში გავიდოდა.

ვარდან მინასიანმა გიორგი ჭიაბრიშვილს სამწვრთნელო დუელი მოუგო. 39 წლის ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტი მასზე გაცილებით გამოცდილ კოლეგასთან დამარცხდა. ''საბურთალოს'' ფეხბურთელთა დიდი ნაწილისთვის პირველი ევროსეზონი იყო, გამოცდილებითა თუ სატრანსფერო ღირებულებით სამივე მეტოქის მოთამაშეებს აშკარა უპირატესობა ჰქონდათ. რა არის გამოსავალი? ანალიზი, სწავლა, შრომა. ეს პროცესია, გრძელვადიანი პროცესი. ზოგჯერ შეიძლება ტრიბუნიდან შენს მისამართით დიდი აგრესია იგრძნო, მაგრამ უნდა გესმოდეს, რომ თუ ამ გზას მიუყვები, მენტალური სიძლიერის გარეშე პროგრესი შეუძლებელია.

უმძიმესი მარცხის შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებმა ქომაგებს მადლობა უნდა გადაუხადონ და მეორე მხრივ გულშემატკივრებმა მოთამაშეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონო. მორალური თვალსაზრისით ჭიაბრიშვილის სიტყვები სწორია, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში მსოფლიოს ყველა სტადიონზე ქომაგი მოთამაშეს ხან ტაშკს უკრავს, ხან შეურაცხყოფას აყენებს. მიმდინარე ზაფხულში ''საბურთალოს'' ფეხბურთელებმა საკუთარი ქომაგის მხრიდან სიყვარული და აგრესია იგრძნეს. ამ სახის გამოცდილება ფეხბურთელებს აჩვენებს, რომ საკუთარ თავზე მენტალური თვალსაზრისით უფრო მეტი უნდა იმუშავონ. ნებისმიერი მოგებული მატჩი შემდეგი წარმატების საწინდარი არაა, ისევე როგორც ნებისმიერი ტაში ქომაგთა მხრიდან მუდმივ კეთილგაწნყობას არ ნიშნავს. მით უმეტეს საქართველოში, სადაც გულშემატკივრობის კულტურა არ არსებობს, რაც გუშინდელ მატჩშიც კარგად გამოჩნდა, როცა სტუმარი ქომაგების ხმა მასპინძელთა ხმას აჭარბებდა.

 

გიორგი ჭიაბრიშვილის სამუშაო გეგმა ორ თვეზე ან ნახევარ სეზონზე არასდროს ყოფილა გათვლილი. მას სხვა ხედვა აქვს, ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების გუნდი ყოველწლიურად უნდა პროგრესირებდეს და შემდეგ მიაღწევს მიზანს, რასაც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ჰქვია. ჭიაბრიშვილის გეგმა გრძელვადიანია, რაც ძალიან დასაფასებელია, რადგან ქართული კლუბების მწვრთნელთა უმეტესობა მხოლოდ დღევანდელ დღეზეა ორიენტირებული.  ახალგაზრდა მოთამაშეების გამოცდილებთან სინთეზი და ამ გუნდის პროგრესი ძალიან რთულია, როცა ევროთასის პირველივე ეტაპზე გაცილებით მდიდარ კლუბთან გიწევს თამაში და შიდა ჩემპიონატი ძალიან ნელი ტემპით პროგრესირებს.

ქართულ ფეხბურთში დღეს არსებული დაფინანსების სისტემა ძალადობრივია, ყოველთვის ასე იყო. საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული პოლიტიკოსები, რომლებიც ძალაუფლებას ფლობდნენ, ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით სხვადასხვა სპორტულ კლუბებს აფინანსებდნენ. საბჭოთა კავშირი თავისუფალი ბაზრის არსებობას სრულიად უგულებელყოფდა,  დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართულ ფეხბურთში დაფინანსების სისტემა არასდროს შეცვლილა.

საბჭოთა კავშირი ჩვენს ტვინებში დარჩა და მათ ტვინებშიც დარჩა, ვინც ''ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის'' შექმნას ტაში დაუკრა.

2016 წელს, როცა ''ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი'' შეიქმნა, საქართველოს მოქალაქეების მიერ დაგროვებული ფინანსური დოვლათის ნაწილი ყოველწლიურად ფონდის ანგარიშზე ირიცხება. ფონდის ხელმძღვანელები თვლიან, რომ ყოველმა მოქალაქემ გარკვეული თანხა სახელმწიფოს ბიუჯეტში უნდა ჩარიცხოს იმ მიზნით, რომ შემდეგ ფონდის ანგარიშზე გადაირიცხოს და ქართული ფეხბურთის განვითარებას მოხმარდეს.

ეკო დეისაძის სიმღერა ''სისტემა უნდა დაინგრეს'' თანამედროვე ქართული ფეხბურთის იდეალური საუნდტრეკია. ნებისმიერი სპორტის სახეობის განვითარება კონკრეტულად ამ სფეროში ჩართული ადამიანების შესასრულებელი საქმეა. ფეხბურთში დასაქმებული მენეჯერები თუ მარკეტინგის სპეციალისტები თავად უნდა ზრუნავდნენ ბიზნესისთვის საინტერესო პროდუქტის შექმნაზე და სახელმწიფოს ბიუჯეტში არსებული თანხის გადანაწილებით კონკრეტული სფეროს ადამიანები პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ უნდა აღმოჩნდნენ. ეს უსამართლობაა.

''ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის'' ყოფილ და ამჟამინდელ ხელმძღვანელებს უნდა ესმოდეთ, რომ საბჭოთა კავშირის სოციალისტური რესპუბლიკა აღარ არსებობს და თუ მათ კვლავ სოციალისტურ ქვეყანაში სურთ ცხოვრება, ნება მათია, ''დაგუგლონ'' და შესაბამისი მიმართულების ბილეთი აიღონ. დღეს ''ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი'' სოციალური დახმარების შინაარსს ატარებს. 

მაშინ როცა ხალხის გადახდილი გადასახადები ფეხბურთის დაფინანსებისთვის აღარ დაიხარჯება, როცა ძალადობრივი სისტემა დაინგრევა, ფეხბურთით დაინტერესებული ბიზნესმენი უპირატესობას პროფესიონალ კადრს მიანიჭებს, რადგან წარმატებაზე იქნება ორიენტირებული და დღეს ვხედავთ, რომ ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქართველ ტალანტს, ხვიჩა კვარაცხელიას  საფეხბურთო კლუბი ''რუსთავი'' 100 000 ევროდ ყიდის! 

როდის უფრო პროდუქტიულია კლუბის მენეჯერი, მწვრთნელი თუ ფეხბურთელი, როცა იცის რომ კონკრეტულ თანხას აუცილებლად მიიღებს თუ მაშინ, როცა კლუბისთვის თანხის გამომუშავება მის წარმატებულ ასპარეზობაზეა დამოკიდებული? რა თქმა უნდა მაშინ, როცა ფინანსების გამომუშავება მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. შესაბამისად სახავს გეგმავს, უფრო აქტიურად მუშაობს სატრანსფერო ბაზარზე და ტალანტს უცხოურ კლუბში სიმბოლურ ფასად არ ყიდის. თუ ეს არგუმენტი არ მოგწონთ, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მათი გადასახადებით ნებისმიერი სპორტისა თუ ნებისმიერი ბიზნესის დაფინანსება ძალადობაა და მეც, ისევე როგორც თქვენ, ამ ძალადობრივი სისტემის წევრები ვართ.

მოამზადა დიმა შარიქაძემ

ფოტო: fcsaburtalo.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები