ჭიაბრიშვილი:''ეს სრული კრახია და ამ კრახის სათავეში მე ვარ''
Aa
Aa

ჭიაბრიშვილი:''ეს სრული კრახია და ამ კრახის სათავეში მე ვარ''

უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ''საბურთალო'' ''მიხეილ მესხზე'' ''არარატ-არმენიასთან'' 0:2 დამარცხდა. პირველი მატჩი სომხეთში ''საბურთალოს'' გამარჯვებით 1:2 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში სომხეთის ჩემპიონმა საქართველოს ჩემპიონი 3:2 დაამარცხა.

 

საპასუხო მატჩის შემდეგ ''საბურთალოს'' მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა.

- მიმდინარე ევროსეზონში ''საბურთალომ'' სამივე საშინაო შეხვედრა წააგო. პირველიდან ბოლო თამაშამდე თქვენმა გუნდმა რეგრესი განიცადა. ვნახეთ თქვენი გუნდის ფეხბურთელები, რომლებმაც მარცხის შემდეგ საკუთარ გულშემატკივარს მადლობა არ გადაუხადეს. ამ ყველაფერზე რისი თქმა შეგიძლიათ?

-თუ ფეხბურთელებმა ქომაგს მადლობა არ გადაუხადეს, ეს შეცდომაა, თუმცა მეორე მხრივ ფეხბურთელის დედის გინება არ შეიძლება. ჩვენ არ გვინდოდა კარგად თამაში? ვერ ვითამაშეთ, თავი კარგად ვერ წარმოვაჩინეთ და დავმარცხდით. ეს არის სრული კრახი და ამ კრახის თავში მე ვარ ასი პროცენტით. საბოდიშო არაფერი მაქვს, რადგან მაქსიმუმი ვეცადე იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიგვეღწია, მაგრამ დამნაშავე ვარ. ჩვენ ძალიან ბევრი მინუსი გვაქვს და საჭიროა გამოსწორება. ''არარატ-არმენიასთან'' თამაში ჩემი ტაქტიკური მონახაზით დავიწყეთ, რომელმაც სრულიად არ გაამართლა.

- ჩვენ არ გვინდა დავიჯეროთ, რომ ''არარატ-არმენია'' უფრო ძლიერი კლუბია. რეალურად რა მოხდა?

- გაანალიზებაა საჭირო. ესე არ თამაშობენ იმ თამაშს, რომელიც შენს ცხოვრებაში პირველია და შესაძლოა ასეთი შანსი აღარ მოგეცეს. ამ მიზნისთვის ასე არ იბრძვიან. რაც დღეს ვაჩვენეთ, ეს არ არის ჩემი გუნდის მაქსიმუმი და ეს არის ყველაზე გულდასაწყვეტი.

- თქვენმა გუნდმა რატომ არ ითამაშა უფრო თამამად, რატომ არ ითამაშა მეტი შემართებით და რატომ ითამაშა მეორე ნომრად?

- ეს ასე ჩანს თამაშის შემდეგ, თუმცა ჩემი დარიგება მეორე ნომრად თამაში არ ყოფილა. ჩემი სურვილი არ ყოფილა მეორე ნომრად გვეთამაშა. ვეცადეთ ხუთი მცველით კარგად გვეთამაშა, რომ მეტოქეს კონტრშეტევები არ განევითარებინა. გარკვეული ეპიზოდების ჩვენს სასარგებლოდ დასრულება შეგვეძლო, თუმცა არ გამოგვივიდა. 

 როცა საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, ჩემი გუნდის ფეხბურთელები უფრო მეტ წნეხში არიან, სწორედ ამიტომ გასვლით შეხვედრებში გამარჯვებების მოპოვება მოვახერხეთ, თბილისში კი სამივე მატჩი დავთმეთ. გასვლით შეხვედრებში უფრო თავისუფლად თამაშობენ. 

''შერიფთან'' რომ დავმარცხებულიყავით გული არ დამწყდებოდა, რადგან მოლდოვური გუნდი უფრო მაღალი დონის იყო, ზაგრების ''დინამოზე'' არაფერს ვამბობ, ხოლო ''არარატ-არმენია'' უნდა დაგვემარცხებინა და ჟურნალისტებს გეუბნებით, რომ ეს მარცხი ჩემი ბრალია. 

- თქვენი გუნდის პრობლემა ხომ არ იყო ის, რომ პირველ შეხვედრებში მოლდოვასა და ერევანში გამარჯვებები მოიპოვეთ და ყველა თვლიდა რომ შემდეგ ეტაპზე გახვიდოდით?

- გეთანხმებით, ეიფორია ფეხბურთელებზე ცუდად მოქმედებდა, ეიფორია ჩემი გუნდის მოთამაშეებს წნეხში აქცევდა. ასევე მინდა მსაჯობის შესახებ ვისაუბრო, ან ჩვენ არ ვიცით რა წესებით ხელმძღვანელობენ ან სხვა წესები აქვთ. ძალიან დიდი სხვაობაა ეროვნული ჩემპიონატისა და ევროსეზონის მსაჯობას შორის, ძალიან ბევრი განმასხვავებელი ნიუანსია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები