Aa
Aa

"ბარსას" წარმომადგენლები პსჟ-ს შეხვდებიან - ნეიმარისთვის ბრძოლაში მესიც ჩაერთო

როგორც მოსალოდნელი იყო ნეიმარის საპნის ოპერასთან დაკავშირებით ესპანურ პრესაში მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo RAC1-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ „ბარსელონას“ წარმომადგენლები დღეს საფრანგეთში გაემგზავრებიან და პსჟ-ს ხელმძღვანელებს შეხვდებიან.

Mundo Deportivo დასძენს, რომ „ბლაუგრანა“ ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობას არ ანიჭებს და თვლის, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება. კატალონიური ტაბლოიდის მიხედვით პარიზში „ბარსას“ ინტერესებს ერიკ აბიდალი, ხავიერ ბორდასი და ანდრე კური დაიცავენ. ფრანგული გრანდის მხრიდან კი შეხვედრას კლუბის სპორტული დირექტორი, ლეონარდო დაესწრება.

„ბარსას“ წარმომადგენლების მიზანი ასეთი გახლავთ - მათ უნდათ პსჟ-ს მოუსმინონ და გაიგონ „პარკ დე-პრენსის“ ბინადრებს რა სურთ.

ნეიმარის შესახებ Marca-ც წერს და აცხადებს, რომ „ბლაუგრანასა“ და „ბლანკოსის“ ჯახში კატალონიელთა სუპერვარსკლავი, ლეო მესი ჩაერთო.

“ლა პულგას“ არ სურს მისი ყოფილი თანაგუნდელი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადავიდეს. Marca-ს მიხედვით მესიმ ნეიმარს დაურეკა და სთხოვა კარიერა „სამეფო კლუბში“ არ გააგრძელოს და „ბარსელონაში“ დაბრუნდეს.

ესპანური ტაბლოიდი დასძენს, რომ 2017 წელს არგენტინელმა ყველაფერი გააკეთა, რომ ნეიმარს „კამპ ნოუ“ არ დაეტოვებინა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. დღესდღეობით კი ყველაფერი სხვანაირადაა და "ნეი" მზადაა „ლა პულგას“ რჩევა გაითვალისწინოს.

Marca-ს თანახმად ნეიმარსა და მესის მშვენიერი ურთიერთობა აქვთ. სწორედ ლეოსა და ლუის სუარესის დამსახურებაა თავის დროზე „ნეიმ“ „რეალს“ უარი, რომ უთხრა და „ბარსელონას“ რიგებს შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები