ტრაგედია ბრაზილიაში - ფუტსალის მოთამაშე ღამის კლუბთან მოკლეს
Aa
Aa

ტრაგედია ბრაზილიაში - ფუტსალის მოთამაშე ღამის კლუბთან მოკლეს

"კორინთიანსის" ფუტსალის გუნდის 27 წლის მოთამაშე, დუგლას ნუნიესი ერთ-ერთი ღამის კლუბის წინ მოკლეს. ნუნიესი ქალაქ ერეშიმში იმყოფებოდა, სადაც მისმა გუნდმა ბრაზილიის თასის შეხვედრა გამართა.

გავრცელებული ინფორმაციით 27 წლის მოთამაშეს ღამის კლუბში შელაპარაკება მოუვიდა. მოგვიანებით კი, როცა შენობას ტოვებდა, გასასვლელთან უცნობი პიროვნება დახვდა, რომელმაც მისი მისამართით რამდენიმე ტყვია გაისროლა.

დუგლასი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოახერხეს. დამნაშავე კი ადგილიდან მიიმალა.

"კორინთიანსმა" საკუთარ გულშემატკივრებს ტრაგედიის შესახებ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით ამცნო, სადაც ვკითხულობთ: "კორინთიანსი დუგლას ნუნიესის გარდაცვალებით შეძრწუნებულია. ჩვენ ოჯახსა და მეგობრებს ამ ურთულეს დროს თანადგომას ვუცხადებთ".

შაბათს "კორინთიანსი" ბრაზილიის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში 5-3 დამარცხდა. კლუბს ოთხშაბათს კიდევ ერთი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი, თუმცა ბრაზილიური ფუტსალის ეროვნულმა ლიგამ მატჩის გადადება გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები