კოუტინიოს სამომავლო გეგმები - რას აპირებს ბრაზილიელი
Aa
Aa

კოუტინიოს სამომავლო გეგმები - რას აპირებს ბრაზილიელი

კატალონიური "ბარსელონა" და ფილიპე კოუტინიო ურთიერთთანამშრომლობის შეწყვეტას გეგმავენ. როგორც ბრაზილიელი ფეხბურთელის წარმომადგენლები, ასევე "ბლაუგრანას" მესვეურები თვლიან, რომ ამ ზაფხულს "პატარა ჯადოქარმა" "კამპ ნოუ" უნდა დატოვოს და ეს ორივე მხარისთვის საუკეთესო ვარიანტი გახლავთ. პრობლემა ისაა, რომ "კოუს" არც თუ ისე ბევრი მსურველი ჰყავს.

ფეხბურთელის აგენტები, რომლებსაც ბევრ გრანდთან აქვთ კონტაქტი, დარწმუნებულები არიან, რომ შესაფერის კლუბს იპოვიან. გასათვლისწინებელია ისიც, რომ სამხრეთ ამერიკელი ულტიმატუმის წაყენებას არ აპირებს და თუ "ბარსამ" სარფიანი წინადადება ვერ მიიღო, კოუტინიო "კამპ ნოუზე" დარჩება.

"ბარსაში" ბრაზილიელის პროფესიონალიზმით მოხიბლულები არიან. ერნესტო ვალვერდემ მას შანსი არაერთხელ მისცა, მაგრამ "კოუ" ფორმაში არ იმყოფება და საკუთარი პოტენციალის გამოვლენა ვერ მოახერხა. სეზონის შემდეგ "ბარსელონას" მესვეურები 27 წლის შემტევს დაუკავშირდნენ და მიღებული გადაწყვეტილება აცნობეს.

კოუტინიოს სანაცვლოდ "ბლაუგრანა" ბევრს ითხოვს და კატალონიელთა დაყოლიება მხოლოდ რამდენიმე კლუბს შეუძლია. ერთ-ერთი "იუვენტუსია". იტალიური პრესის ცნობით თუ "ბიანკონერიმ" დიბალა გაყიდა, შესაძლოა "პატარა ჯადოქარის" შეძენაზე დაიწყოს ფიქრი.

ყველაზე რეალური ვარიანტი კი "პარი სენ-ჟერმენია". აღსანიშნავია, რომ თუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე "კოუს" მსურველი არ გამოჩნდა, ზამთარში მის გადაბირებაზე "ჩელსი" იქნება ორიენტირებული. ოღონდ ეს მაშინ მოხდება, თუ FIFA "არისტოკრატებს" შეიწყალებს და სანქციას გაუნახევრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები