Aa
Aa

10-კაციანი ''დინამოს'' უმძიმესი მარცხი როტერდამში

უეფას ევროპა ლიგის 2019-20 წლების სეზონის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში როტერდამის ''ფეიენორდმა'' ''დე კუიპზე'' თბილისის ''დინამო'' 4:0 გაანადგურა.

პირველ ტაიმში მასპინძლებმა ერთადერთი გოლი 43-ე წუთზე შეაგდეს, გუჯა რუხაიამ ბურთი არაზუსტად მოიგერია, ბერგუსის გადაცემის შემდეგ კი სინისტერამ ანგარიში გახსნა - 1:0.

70-ე წუთზე თბილისურ კლუბს ანგარიშის გათანაბრების ყველაზე რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ნოდარ ქავთარაძის ბრწყინვალე დარტყმა მეკარე ვერმეერმა შესანიშნავ ნახტომში მოიგერია.

მთელი მატჩის განმავლობაში იაპ სტამის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა გადამწყვეტი მატჩის დასკვნითი ნაწილი აღმოჩნდა. 79-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა აკაკი შულაია მოედნიდან გააძევა, შულაიას მიერ დარღვეული თამაშის წესის გამო 82-ე წუთზე ''ფეიენორდის''  სტანდარტული დარტყმა გოლით დასრულდა, დავით კობოურმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა...

10 ფეხბურთელით დარჩენისა და მეორე გოლის გაშვების გამო ''დინამო'' ფსიქოლოგიურად გატყდა და დარჩენილ დროში კიდევ 2 გოლი გაუშვა.

84-ე წუთზე ბერგუისმა პენალტი გამოიყენა და ანგარიში 3:0 გახდა. მთავარმა მსაჯმა პენალტი მას შემდეგ დაინიშნა, რაც ცენტრალურ მცველ მონხილს ბურთი ხელზე მოხვდა. მეკარე პერალესმა დარტყმის მიმართულება გამოიცნო, თუმცა ბურთი ვერ მოიგერია.

ცვლილებაზე გამოსულმა ლუსიანო ნარსინგმა 88-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და იაპ სტამის გუნდმა ფლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ასევე აღსანიშნავია, რომ აკაკი შულაიამ ორი ყვითელი ბარათი სამწუთიან მონაკვეთში მიიღო და მისმა უდისციპლინო თამაშმა შეხვედრის სურათი რადიკალურად ''ფეიენორდის'' სასარგებლოდ შეცვალა, გაცილებით ძლიერ გუნდთან 10 ფეხბურთელით დარჩენილი ''დინამო'' კიდევ უფრო უსუსურად გამოიყურებოდა.

''დე კუიპს'' ბინადრებს მეხუთე გოლის გატანაც შეეძლოთ, როცა რუხაიამ საკუთარ საჯარიმოში ელემენტარულ ვითარებაში ძალიან ცუდი პასი შეასრულა, ბურთი მეტოქეს ჩააბარა, თუმცა პერალესმა ''დინამო'' გადაარჩინა.

საპასუხო მატჩი 15 აგვისტოს ''დინამო არენაზე'' გაიმართება. ამჟამინდელი ინფორმაციით უეფამ თბილისის ''დინამო'' დასაჯა, რაც  ''ფეიენორდთან'' საპასუხო მატჩის უმაყურებლოდ გამართვას გულისხმობს. თბილისური კლუბის პრესსამსახურის ცნობით ''დინამო'' სასჯელს გაასაჩივრებს და შესაძლოა ''ფეიენორდის'' თამაში ქართველმა ქომაგებმა ''დინამო არენზე'' იხილონ.

ფოტო: feyenoord.nl

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები