ზიდანის ექსპერიმენტი - 3-5-2 „რეალში“
Aa
Aa

ზიდანის ექსპერიმენტი - 3-5-2 „რეალში“

მადრიდის „რეალის“ თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და „ზალცბურგთან“ მატჩში 3-5-2 ტაქტიკა გამოიყენა. წინასასეზონო შეხვედრებში „სამეფო კლუბის“ უკანახაზი საშინლად გამოიყურებოდა და ფრანგი სპეციალისტი იძულებული გახდა ცვლილებები გაეტარებინა. „ბლანკოსს“ დისციპლინა აკლდა და ზიდანმა სიტუაციის გამოსწორება სამკაციანი დაცვის ხაზითა და მცველების წინ კაზემიროს გამწესებით სცადა. საწყის 30 წუთში გეგმამ გაამართლა, თუმცა შემდეგ სტრუქტურულმა პრობლემებმა იჩინა თავი.

წინა შეხვედრებში „სანტიაგო ბერნაბეუს“ ბინადრები კონტრშეტევებზე ოპონენტებს ვერ აჩერებდნენ და ვარანი, რამოსი, მილიტაუს ტრიოს გამოყენება ამის პირდაპირი გამოძახილი გახლდათ. „ბაიერნის“, „არსენალის“, „ატლეტიკოს“, „ტოტენჰემისა“ და „ფენერბაჰჩეს“ წინააღმდეგ „სამეფო კლუბის“ ცენტრი და ფლანგები მოშიშვლებული იყო. მაშინ, როცა მაღალი პრესინგი არ ამართლებდა, „ბლანკოსს“ მეტოქეების შეჩერება ძალიან უჭირდა. „ზალცბურგის“ წინააღმდეგაც იგივე მოხდა. მადრიდელებმა ოპონენტების საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი მხოლოდ ორჯერ მოიპოვეს.

მიუხედავად ამისა, ნახევარდაცვაში ერთით მეტი ფეხბურთელის გამწესებამ გუნდზე დადებითი გავლენა იქონია. რამოსმა და ვარანმა კარგად იასპარეზეს და მეტოქეებს ბურთი 26-ჯერ აართვეს, თუმცა წარმატებაში უდიდესი წვლილი მაინც კაზემირომ შეიტანა. „ზალცბურგმა“ პირველ ნახევარში კონტრშეტევა 15-ჯერ განახორციელა, თუმცა კარში დარტყმით მხოლოდ 1 იერიში დასრულდა. კაზემირო ავსტრიული გუნდის ფეხბურთელებს მოედნის ცენტრში ბურთის გათამაშების საშუალებას არ აძლევდა და „ზალცბურგის“ მოთამაშეები იძულებულები ხდებოდნენ შეტევები ფლანგებზე გაკეთებული პასებით გაეგრძელებინათ. „რეალის“ ნახევარდაცვა (კაზემიროს გარდა) დაცვაში კარგი ასპარეზობით არ გამოირჩეოდა, თუმცა ბრაზილიელი საყრდენი და მცველები თავისუფალ ზონებს არ ტოვებდნენ. კაზემირომ ჩამშლელის ფუნქციებს თავი იდეალურად გაართვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

ბრაზილიელი ფეხბურთელის გასვლის შემდეგ, „ბლანკოსს“ პრობლემები შეექმნა. ვალვერდე იმპულსური მოთამაშეა, რომელსაც ხანდახან მწვრთნელის დავალება ავიწყდება, პოზიციას კარგავს და ცდილობს მეტოქეს ბურთი აართვას. ორი აზრი არაა, რომ ურუგვაელს დიდი მომავალი აქვს, თუმცა "ზიზუს" 3-5-2-ში ვერაფრით გამოირჩა.

სათამაშო ტაქტიკის შეცვლამ საერთო ჯამში „რეალის“ პრობლემების ვერ უშველა. „სამეფო კლუბმა“ თავის ნახევარზე ბურთი 27-ჯერ დაკარგა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. თავდაპირველად „ბლანკოსი“ „ზალცბურგის“ წინააღმდეგობის დაძლევას კარგად ახერხებდა და მშვენიერ „პირველ პასებს“ ახორციელებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ავსტრიელებმა მადრიდელთა ტაქტიკას ალღო აუღეს, ყველაფერი შეიცვალა. ვარანი და მილიტაუ ფლანგებზე იხსნებოდნენ, კარვახალი და მარსელო წინ მიდიოდნენ, ხოლო კროოსი და ისკო მოედნის ცენტრსა და აუტის ხაზს შორის იკავებდნენ ადგილს.

„ზალცბურგის“ 4-4-2 ასეთ განლაგებას ვერაფერს უპირისპირებდა, თუმცა ავსტრიელთა თავკაცმა მალევე გუნდი 4-3-3-ზე გადააწყო და "ბლანკოსს" პრობლემები შეექმნა. ყველაზე ცუდად ვარანმა და კარვახალმა იასპარეზეს . აღნიშნულმა დუეტმა ბურთი საკუთარ ნახევარზე 10-ჯერ დაკარგა. პირველ 30 წუთში „რეალის“ ბურთის ფლობა 60 პროცენტი იყო. ბოლო 30 წუთში კი - 45, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.

რაც შეეხება შეტევას, „სამეფო კლუბს“ მოწინააღმდეგის ნახევარზე პრობლემები მხოლოდ მაშინ არ ჰქონდა, როცა იერიშს სწრაფად ავითარებდა. ტაქტიკიდან გამომდინარე გუნდს ფლანგებზე სიტუაციის დალაგება უჭირდა. განსაკუთრებით დანი კარვახალი დაიკარგა, რომელიც იერიშებში ფაქტობრივად ვერ ერთვებოდა, რადგან მის ფლანგზე ედენ აზარი იყო გამწესებული. ამ უკანასკნელს დაცვითი ფუნქციების შესრულება არ ევალებოდა და საკუთარ კარზე ზრუნვა კარვახალის პრეროგატივა გახლდათ.

გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ზიდანის ექსპერიმენტმა არ გაამართლა. ბოლოს და ბოლოს 3-5-2-მა „რეალს“ გამარჯვება მოუტანა, თუმცა აშკარაა, რომ "ზიზუს" რეფორმები აქვს გასატარებული და წინ რთული სეზონი ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები