Aa
Aa

"ბარსელონა" არ ნებდება! კატალონიელები ნეიმარისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ!

კატალონიის "ბარსელონას" სამომავლო გეგმებში დანებება ნამდვილად არ შედის. "რეალის" მეგა-წინადადების მიუხედავად, "ბლაუგრანა" უკან დახევას არ აპირებს და ნეიმარის გადასაბირებლად ბოლომდე იბრძოლებს.

Sport-ის ცნობით "კამპ ნოუს" ბინადრები ბრაზილიელ სუპერვარსკლავს დაუკავშირდნენ და სთხოვეს ჯერჯერობით "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადასვლაზე თანხმობა არ განაცხადოს. კატალონიელებმა "ნეისთან" საუბრისას აღნიშნეს, რომ უახლოეს პერიოდში "პარი სენ-ჟერმენს" გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავენ.

ფაქტი, რომ ნეიმარს მხოლოდ "ბარსელონაში" სურ გადასვლა, ბართომეუს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს. ფლორენტინო პერესის აქტიურობის მიუხედავად, "ბარსას" პრეზიდენტმა, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება, გადაწყვიტა ფრანგულ გრანდს კიდევ ერთი შეთავაზება გაუკეთოს.

ცნობილია, რომ "ბლაუგრანა" ფილიპე კოუტინიოს გარიგებაში აუცილებლად ჩართავს. კატალონიელებს სჯერათ, რომ პსჟ "კოუს" მიღებას უფრო დათანხმდება, ვიდრე მოდრიჩის. რაც შეეხება თანხას, ფლორენტინო პერესმა ხორვატ ფეხბურთელთან ერთად 120 მილიონი ევრო გაიღო. რამდენს დათმობს "ბარსელონა" ჯერჯერობით უცნობია.

მოკლედ ბევრი რამ ნეიმარზე იქნება დამოკიდებული. პრობლემა ისაა, რომ ეს უკანასკნელიც დილემის წინაშე დგას. "ნეი" რომ გააქტიურდეს, გამოვიდეს და თქვას, რომ "კამპ ნოუზე" სურს გადასვლა, მისთვის "რეალის" კარი დაიხურება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ "ბარსამ" სათანადო წინადადება ვერ მოამზადა, ბრაზილიელს "პარკ დე პრენსზე" კიდევ ერთი წლის გატარება მოუწევს, რაც მის ინტერესებში ნამდვილად არ შედის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები