ოპერაცია ნეიმარი ჩაიშალა? პსჟ
Aa
Aa

ოპერაცია ნეიმარი ჩაიშალა? პსჟ "ბარსას" წინადადებებს თვე-ნახევრის განმავლობაში ბლოკავდა?

კატალონიური გამოცემა, Sport მორიგ სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს და იუწყება, რომ "პარი სენ-ჟერმენი" "ბარსელონას" წინადადებებს არ განიხილავდა და მათ უბრალოდ ბლოკავდა. ფრანგებისთვის ყველაფერი მარტივადაა - ისინი მაქსიმუმს აკეთებენ, რომ „ნეი“ „კამპ ნოუზე“ ვერ დაბრუნდეს.

„ბლაუგრანა“ ცდილობდა პარიზელებთან მოლაპარაკებები დაეწყო, მაგრამ პსჟ ყველა წინადადებას მანამ ბლოკავდა, სანამ ახალი მსურველი არ იპოვა - მადრიდის „რეალი“. „ბარსელონას“ ერთადერთი ვარიანტი ჰქონდა და ალბათ ახლაც აქვს - ნეიმარმა ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა აიღოს და საჯაროდ დააფიქსიროს, რომ კატალონიურ გრანდში სურს გადასვლა. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ამან რამე შეცვალოს.

როგორც ირკვევა „პარი სენ-ჟერმენი“ „ბარსას“ წინადადებებს თვე-ნახევრის განმავლობაში ბლოკავდა. „ბლაუგრანამ“ ფრანგულ გრანდს რამდენიმე შეთავაზება გაუკეთა. დაწყებული ფეხბურთელთა გაცვლიდან, დამთავრებული „ნეის“ იჯარით. საგულისხმოა, რომ წინა პარასკევს პსჟ ნეიმარის განათხოვრებას დათანხმდა. „ბარსელონას“ ხელმძღვანელები და 27 წლის სუპერვარსკლავის წარმომადგენლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მიზანს მიაღწიეს, თუმცა პარიზელებმა ორშაბათს უკან დაიხიეს და „ბარსას“ ტრანსფერის გაჩარხვა მოსთხოვეს.

ნეიმარის მომავალთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია გაჩენილი. კატალონიურ გრანდს სამხრეთ ამერიკელის გადაბირების სურვილი საჯაროდ არცერთხელ დაუფიქსირებია. თუმცა რეალობა ის გახლავთ, რომ „კამპ ნოუს“ ბინადრები ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ტრანსფერზე აქტიურად მუშაობდნენ. პსჟ კი მათ უფრო და უფრო უცნაურ მოთხოვნებს უყენებდა.

„ბარსაში“ თვლიან, რომ პარიზელთა სტრატეგია ასეთი იყო - ისინი პრობლემებს ხელოვნურად ქმნიდნენ და ამ დროს „რეალთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. მათ უნდოდათ ფეხბურთელისთვის ეჩვენებინათ, რომ მისი შეძენა „ბარსელონას“ გარდა სხვა კლუბსაც სურდა. „ბლაუგრანას“ მესვეურებს მიაჩნიათ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მათთვის ნეიმარის მიყიდვას თავიდანვე არ აპირებდა.

„ნეისთვის“ ბრძოლაში „რეალის“ ჩართვამ ყველაფერი შეცვალა. „ბარსელონას“ მოლაპარაკებების განახლების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა, თუ სურვილს პსჟ გამოთქვამს, რაც ნაკლებად სავარაუდოა. ეს ყველაფერი ნეიმარმაც იცის, თუმცა ჯერჯერობით არაფერი მოუმოქმედებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები