პარიზული შურისძიება - პსჟ-მ ნეიმარის გაფორმება
Aa
Aa

პარიზული შურისძიება - პსჟ-მ ნეიმარის გაფორმება "მანჩესტერს", "რეალს" და "იუვეს" შესთავაზა

Sport-ის ინფორმაციით „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა გეგმავს, რომ ნეიმარის სატრანსფერო საგას ამ კვირაში დაუსვას წერტილი. კატალონიური გამოცემის ცნობით პსჟ ბრაზილიელის „ბარსელონაში“ დაბრუნებას ეწინააღმდეგება და არ აპირებს 27 წლის ფეხბურთელს სურვილი შეუსრულოს.

პსჟ ყველაფერს მარტივად უდგება. ფრანგებს სურთ ნეიმარის საპნის ოპერა ლიგა ერთის დაწყებამდე დასრულდეს. თანაც მხარეებს შორის ურთიერთობა უფრო და უფრო იძაბება და პარიზელები დარწმუნებულები არიან, რომ საუკეთესო ვარიანტი „ნეის“ გუნდიდან გაშვებაა.

„ნეის“ შექმნილი სიტუაციის შესახებ ყველაფერი კარგად მოეხსენება და იცის, რომ ფრანგულმა გუნდმა მისი ტრანსფერი რამდენიმე ევროპულ გრანდს შესთავაზა. ერთ-ერთი მათგანი „მანჩესტერ იუნაიტედი გახლდათ. „წითელ ეშმაკებს“ თავდასხმაში პრობლემები აქვთ, მაგრამ პარიზელები მაინც უარით გაისტუმრეს.

The Times იტყობინება, რომ „პარკ დე პრენსის“ ბინადრები მზად იყვნენ „ნეი“ „ოლდ ტრაფორდზე“ 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაენათხოვრებინათ. თუმცა „იუნაიტედმა“ სიტუაციის გაანალიზების შემდეგ გადაწყვიტა, რომ ნეიმარის შენარჩუნებას ვერ მოახერხებდა და ბრაზილიელი ერთი წლის შემდეგ "ოცნებათა თეატრს" აუცილებლად დატოვებდა, რის გამოც უარი განაცხადა.

Sport-ის მიხედვით პირველი გუნდი, რომელსაც ფრანგები დაუკავშირდნენ მადრიდის „რეალი“ გახლდათ. „ბლანკოსი“ ალბათ ერთადერთი კლუბია, რომელსაც ტრანსფერის გასაჩარხად საჭირო რესურსი აქვს და გარისკვის არ ეშინია. მოკლედ პსჟ-ს შანსი გაუჩნდა „ბლაუგრანაზე“ შური იძიოს და ბრაზილიელი კატალონიელთა მოსისხლე მტრის რიგებში გაუშვას.

„რეალისა“ და „მანჩესტერის“ გარდა Sport „იუვენტუსსაც“ ასახელებს და აცხადებს, რომ პარიზელები „ბიანკონერისაც“ გაესაუბრნენ.

საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ 27 წლის ფეხბურთელის ზეწოლამ შედეგი გამოიღო, თუმცა პრობლემა ის გახლავთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ აქცენტს არა „ბარსელონაზე“, არამედ სხვა კლუბებზე აკეთებს. რაც შეეხება თავად სამხრეთ ამერიკელ შემტევს, „ნეიმ“ გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო და პოზიციის შეცვლას არ აპირებს! მას "კამპ ნოუზე" დაბრუნება სურს!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები