ერნესტო ვალვერდეს 5 თავსატეხი სეზონის წინ
Aa
Aa

ერნესტო ვალვერდეს 5 თავსატეხი სეზონის წინ

კატალონიის „ბარსელონა“ აშშ-ში წინასასეზონო ტურნეში მიემგზავრება, რომელიც 11 აგვისტომდე გააგრძელდება. „ბლაუგრანას“ ორი შეხვედრის გამართვა აქვს დაგეგმილი და ორივე მატჩში „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.

"კამპ ნოუს" ბინადრები ახალ სეზონს დიდი ამბიციებით ხვდებიან, თუმცა წარმატების მისაღწევად გუნდში სიტუაციის დალაგებაა საჭირო, რაც ერნესტო ვალვერდეს პრეროგატივა გახლავთ. ესპანელ სპეციალისტს რამდენიმე ამოცანა აქვს გადასაჭრელი.

ტურნე მესის გარეშე

პირველი თავსატეხი ლეო მესის ტრავმას და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება. „არსენალთან“ მატჩის წინ არგენტინელმა „კამპ ნოუზე“ შეკრებილ გულშემატკივარს სიტყვით მიმართა და დაპირდა, რომ  „ბარსელონა" ყველა ტიტულისთვის იბრძოლებდა. ბუნებრივია „ბლაუგრანას“ წარმატებული გამოსვლა ვალვერდეზეც იქნება დამოკიდებული. ესპანელმა სპეციალისტმა განახლებულ „ბარსაში“ მესის პოზიცია იდეალურად უნდა შეურჩიოს, რათა ლეომ თავისი ფენომენალური პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინოს. ესპანელი სპეციალისტი გეგმავდა "ნაპოლისთან" გასამართი მატჩები ექსპერიმენტებისთვის გამოეყენებინა, მაგრამ არ გაუმართლა.

შემტევი სამეული

ვალვერდეს მეორე თავსატეხი შეტევის ხაზს უკავშირდება. გრიზმანის ტრანსფერის შემდეგ ესპანელ სპეციალისტს ტაქტიკაში ცვლილებების შეტანა მოუწევს. „ბარსელონას“ შემტევი ტრიოდან ერთ-ერთი აუცილებლად ლიონელ მესი იქნება. ორი ადგილისთვის კი სუარესი, დემბელე და გრიზმანი იბრძოლებენ. შემტევების პოზიციაზე კოუტინიოსა და რაფინიასაც შეუძლიათ თამაში. ასე რომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვალვერდეს რამდენიმე ალტერნატივა აქვს და საინტერესოა სიტუაციას როგორ გაართმევს თავს.

ნახევარდაცვის საოცარი ხაზი

„ბარსელონას“ ნახევარდაცვის ხაზი მსოფლიოში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მაინცაა. ვალვერდემ სამი ჰავბეკი უნდა აარჩიოს და მაშინ, როცა გუნდში დე იონგი, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტურ მელო, ვიდალი, სერხი რობერტო და ალენა გყავს, ეს ძალიან რთულია. ძირითად შემადგენლობაში ადგილი ალბათ მხოლოდ დე იონგს აქვს გარანტირებული, თუმცა დაზუსტებით არაფრის თქმა შეიძლება.

დაცვის ხაზი

ვალვერდესთვის მარტივი არც დაცვის კვარტეტის შერჩევაა. ცენტრალური მცველის პოზიციაზე მას პიკე, ლენგლე, უმტიტი და ტოდიბო ჰყავს. მარჯვენა ფლანგზე სემედუ, სერხი რობერტო და ვაგე, მარცხნივ კი ფირპო და ალბა. კატალონიელთა თავკაცმა მათგან საუკეთესო ოთხეული უნდა აარჩიოს. გასათვალისწინებელია, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე წუთების გადანაწილებას და როტაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

მომავალი თაობა

„ბარსელონაში“ ყველა პოზიციაზე იმდენად დიდი კონკურენცია, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ადგილი აღარ რჩება. არადა „ბლაუგრანას“ რამდენიმე საკმაოდ პერსპექტიული მოთამაშე ჰყავს და ერნესტო ვალვერდემ როგორღაც მათ განვითარებაზე უნდა იზრუნოს და თან მათი პროგრესი მაქსიმალურად გააკონტროლოს.

მოკლედ ესპანელ სპეციალისტს რთული სეზონი ელის, თუმცა თუ პრობლემების გადაჭრა მოახერხა, მისი კოლექტივის შეჩერება მეტოქეებს ძალიან გაუჭირდებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები