გოლის წინათგრძნობა, ჰიპ-ჰოპი და ვერატის იდენტური თამაშის სტილი
Aa
Aa

გოლის წინათგრძნობა, ჰიპ-ჰოპი და ვერატის იდენტური თამაშის სტილი

საფეხბურთო კლუბ ''საბურთალოს'' აღზრდილი, 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი ქვემოთ მოცემულ დღიურში განვლილი დღეების შესახებ გვიყვება. საქართველოს ჩემპიონის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც მიმდინარე კვირაში ''არარატ-არმენიასთან'' მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, დღიურს ზაგრების ''დინამოსთან' გამართული მატჩის დღით იწყებს და ერევანში მოპოვებული გამარჯვებით ასრულებს.

ფეხბურთელი საუბრობს საფეხბურთო და არასაფეხბურთო თემებზე და განვითარებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორებზე. ასევე ვიგებთ, რომ სპორტსმენს კულინარიის შესწავლის სურვილი აქვს. თუ სანდრო ალთუნაშვილს  პირადად არ იცნობთ და ერევანში გატანილმა მისმა გოლმა დიდი სიხარული მოგანიჭათ, ამ ტექსტით მისი გაცნობის კარგი შესაძლებლობა გაქვთ.

მატჩის დღე ზაგრებში

კარგად გამოძინების შემდეგ პოზიტიურ ხასიათზე გავიღვიძე. ყოველთვის ვცდილობ თამაშამდე კარგად გამოვიძინო. დადებითი განწყობის მიზეზი იყო ის, რომ თამაში საკმაოდ მაღალი დონის გუნდთან გვიწევდა, ჩვენი ძალები კიდევ ერთხელ უნდა გამოგვეცადა, თუმცა დადებითი განწყობა მხოლოდ მეტოქის სიძლიერიდან არ გამომდინარეობდა, ზოგადად თამაშის დღეს ყოველთვის კარგ ხასიათზე ვარ ხოლმე.

ოთახში გეგა დიასამიძესთან ერთად ვიყავი, მასთან არ მოიწყენ, მოსაყოლად ყოველთვის კარგი ისტორიები აქვს და ერთად ბევრს ვხუმრობთ ხოლმე.

ვისაუზმე. საუზმეზე ფეხბურთელებმა კვერცხი ლორით, ბოსტნეულით და ყველით ვჭამეთ. ზოგადად ყველაზე მეტად ყველი მიყვარს, შემიძლია ნებისმიერ საკვებს მივატანო. სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია და კლუბში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

გამორჩეული კერძი არ მაქვს, მაგრამ ვერ ვნაყრდები ხორცი თუ არ ვჭამე. კვირაში ერთხელ გემრიელი ბურგერიც შეიძლება. ყველაზე გემრიელი ბურგერი სტამბულში ვჭამე სტეიკებთან ერთად. ქართული სამზარეულოც მიყვარს, უცხოეთში ყოფნისას ხინკალი, მწვადი და ხაჭაპური მენატრება ხოლმე.

თანაგუნდელებთან ერთად ზაგრების ''დინამოსთან'' გამართულ პირველ თამაშზე ვისაუბრე. გავიხსენეთ კარგი მომენტები და შეცდომები. ვსაუბრობდით კონკრეტულ ეპიზოდებზე, როგორ სჯობდა უკეთ თამაში. თამაში განვიხილეთ და ვისაუბრეთ იმ ეპიდოზეც, როცა ჩემი წაქცევის გამო ქომაგი პენალტს ითხოვდა, ''რეხვოს'' აზრით პირველივე შეხებაზე უნდა წავქცეულიყავი და დიდი ალბათობით მსაჯი მეტოქეს დააჯარიმებდა. ყოველთვის ვითვალისწინებ ჩემზე გამოცდილი ფეხბურთელების რჩევებს. ამ სახის კომუნიკაცია განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მგონია. 

თამაშის დღეს თავისუფალ დროს ვცდილობთ ოთახში ვიყოთ, დავიძინოთ ან უბრალოდ დავისვენოთ. PUBG-ის ვთამაშობდით ხოლმე, მაგრამ მე მომბეზრდა და აღარ ვთამაშობ. ოთახში მუსიკას ვუსმენდი, ასე ვთქვათ კენდრიკ ლამარის დღე მქონდა, თამაშის დღეს რეპს ან ჰიპ-ჰოპს ვუსმენ ხოლმე, ლამარის გარდა დრეიკს, კენიე უესტისა და ჯეი კოულს ვანიჭებ უპირატესობას.

საუზმის შემდეგ დავისვენეთ, თეორიული მეცადინეობის დაწყებამდე ძილიც მოვასწარი. მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თეორიულ გაკვეთილზე სასტარტო შემადგენლობა დაასახელა, თერთმეტ ფეხბურთელში მოვხვდი. მწვრთნელის ნდობა მახარებს, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

ვისადილეთ, ცოტა დავისვენეთ, ჩანთა ჩავალაგეთ, სტადიონზე წასასვლელად მოვემზადეთ, დაველოდეთ გასვლის დროს. სასტუმროდან გამოსვლამდე მამაომ დაგვლოცა, წარმატება გვისურვა, ხორვატულ მედიაში მამაოს ჩვენთან ერთად ყოფნამ ყურადღება მიიქცია, რაზეც შემდეგ მამაო ხუმრობდა. ის ჩვენი დიდი გულშემატკივარია, ჯერ კიდევ მაშინ დადიოდა ''საბურთალოს'' თამაშებზე, როცა პირველი გუნდი ჩამოყალიბებული არ იყო და მხოლოდ ასაკობრივ ჩემპიონატებში ვთამაშობდით.

ზაგრებში გოლები მატჩის მიწურულს გავუშვით, ფეხბურთის თამაშით მეტოქე ჩვენზე ერთი თავით მაღლა არ იდგა, თუმცა გამძლეობის ხარჯზე გვაჯობა, რაც გარკვეულწილად ჩვენი ჩემპიონატის ბრალია,  ორი ან სამი გუნდის გარდა ყველა დაცვაში ''გიჯდება'' და ტემპს ''გიგდებს.'' ძნელია ფიზიკური მომზადების კუთხით მხოლოდ ვარჯიშებზე დატვირთვით განვითარდე.

როცა გოლს იტან იმუხტები, ფიზიკურ დაღლას იმდენად ვეღარ გრძნობ, გოლი ძალიან დიდი სტიმულია. პირველ ტაიმში რომ გაგვეტანა, სულ სხვა თამაში წავიდოდა. არ გაგვიმართლა, ფეხბურთში იღბალსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

ზაგრებში, მატჩის შემდეგ მარცხის მიზეზებსა და მომავალ მეტოქეზე ვსაუბრობდით,  მეორე დღეს, დილით თბილისში გამოვფრინდით. ეს დღე მთლიანად დასვენებას დაეთმო.

ზაგრების ''დინამოდან'' ოლმო საუკეთესო იყო. ჩანდა, რომ სხვა კლასის მოთამაშე იყო. ასევე, მომეწონა პეტკოვიჩი, ფიზიკურად ძლიერი, მაღალი და სწრაფი ფორვარდი. მას თავდამსხმელისთვის საჭირო ყველა თვისება ჰქონდა.

აღდგენის დღე

ვინც ზაგრებში სასტარტოში ვითამაშეთ, მათ მწვრთნელმა დასვენების უფლება მოგვცა თუმცა აღდგენის მიზნით ვარჯიშზე წავედი. მგზავრობის შემდეგ კუნთები კარგ მდგომარეობაში არ მქონდა, მასაჟმა და შემდეგ ყინულის აბაზანის მიღებამ ფიზიკური კონდიციები გამიუმჯობესა.

''ქაღალდის სახლის'' რამდენიმე სერიას ვუყურე. ძალიან საინტერესო სერიალია და საყურებლადაც ძალიან მაგარია.  სერიალი  ძარცვაზეა, ფულისთვის იბრძვიან, მაგრამ ზოგჯერ ერთ-ერთი მათგანი შეცდომას უშვებს და შემდეგ მის გამოსწორებაზე მუშაობენ. გუნდურობა და ერთმანეთის მიმართ გვერდით დგომა ჩანს.

სერიალების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ რაც მინახავს ''გაქცევა'' საუკეთესოა. ასევე არ შეიძლება არ ვთქვა ქართული სერიალი ''ცხელი ძაღლი.'' როცა პირველად ვუყურებდი, მაშინ პატარა ვიყავი და დიდად ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. შემდეგ გავიზარდე და კიდევ ვუყურე და მივხვდი, რომ იმ დროის რეალობა იყო აღწერილი,  როცა გადაიღეს. ძალიან საინტერესო იყო, თან იუმორისტული ჩართვებიც ჰქონდა, რაც კარგად საყურებელს ხდიდა.

ბავშვობაში მსახიობობა მიზიდავდა, მაგრამ ჩემი პირველი საქმე ფეხბურთია. ასევე მაინტერესებს კულინარია და თუ დრო მექნება კულინარიის შესწავლას ვგეგმავ.

სამი უნივერსიტეტი გამოვიცვალე, ამჟამად ტექნიკურ უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ, პროფესიიდან გამომდინარე ლექტორები ყველანაირად ხელს მიწყობენ.

 

''ვერატი'' და ''პასტორე''

დილით კარგ ხასიათზე გავიღვიძე, დასვენების დღე კარგად გამოვიყენე, კარგად დავისვენე, ახალი ძალებით შევხვდი სავარჯიშო პროცესს. საუზმეზე შემწვარი კვერცხი ვჭამე, ჩემით მიწევს გაკეთება, უკვე ერთი კვირაა მარტო ვცხოვრობ, ჩემი ოჯახის წევრები დასასვენებლად წავიდნენ.

საუზმის შემდეგ დრო რომ გამეყვანა ''ქაღალდის სახლის'' ორ სერიას ვუყურე, ვარჯიშამდე დიდი დრო იყო დარჩენილი. სერიალის ყურების შემდეგ დავიძინე, შუადღეს ძილი მიყვარს, ჩემთვის ერთი საათიც მშვენიერია.

ვისადილე, ჩანთა ჩავალაგე და გეგა დიასამიძეს დაველოდე, ვარჯიშზე მისი მანქანით მივდივართ ხოლმე. მართვის მოწმობა ჯერ არ მაქვს, თუმცა თეორიას ვსწავლობ, იმედი მაქვს მალე ავიღებ. 

გეგა უხასიათოდ იყო და მეც ბევრი კითხვებით არ შევაწუხე. ეს დღე გამონაკლისი აღმოჩნდა იმ მხრივ, რომ მას სახალისო ისტორია არ მოუყოლია. გზა სიმღერების ფონზე გავატარეთ, კაიაკატას ''ფაბიო კანავაროსა'' და კენდრიკ ლამარის Money Trees-ს ვუსმენდით.

სავარჯიშო ბაზამდე შორია, გზაში დიდი ხანი ვართ ხოლმე, მაგრამ ამჯერად გადატვირთული მოძრაობა არ იყო, მე და ''პასტორე'' მოსალოდნელზე უფრო მალე მივედით. გეგას ''პასტორეს'' ვეძახი, თამაშის სტილით ხავიერ პასტორეს ჰგავს, ის მარკო ვერატის მამსგავსებს და ''ვერატის'' მეძახის.

ბაზაზე მივედით, ავიწონეთ, სასურველ წონაში ვიყავი, საერთოდ წონასთან დაკავშირებით პრობლემა არასდროს მქონია, სწრაფად ვერ ვიმატებ. ვარჯიშის დაწყებამდე დიდი დრო იყო დარჩენილი, ''გავხურდი,'' ''გავიწელე'' და ვარჯიშის დრო მოვიდა. 

ვარჯიშზე აქცენტი ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე გაკეთდა და ბოლოს ერთმანეთში ვითამაშეთ. ვარჯიშის შემდეგ ყოველთვის ყინულის აბაზანას ვიღებ ხოლმე, რაც მინიმუმ 5 წუთი გრძელდება, მაგრამ თუ საუბრით ან Instagram-ის თვალიერებით გავერთე, 10 წუთამდეც ვძლებ ხოლმე.

სახლში მოვედი და გავაკეთე ის, რაც ყველაზე მეტად მეზარებოდა. მარტო ყოფნის ერთ-ერთი მინუსი ისაა, რომ ყველაფრის გაკეთება თავად მიწევს.ტანსაცმელი სარეცხის მანქანაში შევყარე და საჭმელი გავიმზადე.

ღამით 11-დან 12 საათამდე ვიძინებ ხოლმე და თუ მანამდე მშივდება ბანანს და იოგურტს მივირთმევ ხოლმე, მაგრამ ამჯერად ვარჯიშის შემდეგ დაძინებამდე დიდი დრო მქონდა და ცოტა ნოყიერად ვჭამე. კლუბში გვეუბნებიან რა უნდა ვჭამოთ ხოლმე, ამ საკითხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

''გრანდე ბოტაშ''

დილით შედარებით გვიან, 11 საათზე გავიღვიძე. როცა ვარჯიში საღამოს მაქვს ვცდილობ დიდხანს მეძინოს ხოლმე. საუზმის შემდეგ სახლის პირობებში ვივარჯიშე, ''გაწელვები'' გავაკეთე, წინა დღეს ვარჯიშზე აქცენტი ფიზიკურ დატვირთვაზე გაკეთდა და ფეხის კუნთები მტკიოდა. ''გაწელვებით'' ტკივილი ცოტათი მოვიხსენი.

ვარჯიშამდე დრო ძალიან იწელება, მართვის მოწმობის თეორიის ტესტები გავაკეთე, ნელ-ნელა ვსწავლობ. მობილურში უცხო ენის სასწავლებელი პროგრამა ჩავწერე და ესპანურ ენაში ვმეცადინეობ. 3 წლის წინ ესპანელი მწვრთნელი და რამდენიმე ესპანელი თანაგუნდელი მყავდა. როცა ესპანურად საუბრობდნენ, მომწონდა, ლამაზი ენაა, თან რთულიც არაა.

სადილის შემდეგ ''ქაღალდის სახლს'' ჩავუჯექი, მესამე სეზონის ბოლო 2 სერია დაძაბული გამოვიდა, დიდ ინტერესშიც ჩავვარდი. შემდეგ სერიებს მოუთმენლად ველოდები.

ვარჯიშზე წასვლის დრო მოვიდა, ჩანთა ჩავალაგე, გზაზე ''პასტორეს'' უნდა დავხვედროდი. სახლიდან გამოსვლა ადრე მომიწია, დრო რომ გამეყვანა იქვე ჯიხურში ლოტოს გათამაშების ბილეთი ვიყიდე, გადავფხიკე და გამიმართლა, პირველად ასეთ რამეში 10 ლარი მოვიგე. ამასობაში ''დიასა'' მოვიდა და ჩვენს გზაზე წავედით.

გზაში ''პასტორემ'' ერთი ისტორია გაიხსენა:''პორტუში'' სინჯებზე ყოფნისას Umbro-ს შავი ბუცი მეცვა, გასახდელიდან გამოსვლისას დერეფანში თანაგუნდელებმა დამხედეს და ხუმრობით მითხრეს: ''გრანდე ბოტაშ.''

ჩვენი გუნდის გასახდელში თუ ვინმეს ''საოცრება'' აცვია, ასე ვეუბნებით:''გრანდე ბოტაშ.''

ვარჯიშზე 15-20 წუთის განმავლობაში სისწრაფის გაუმჯობესებაზე ვვარჯიშობდით, შემდეგ ''კვადრატი'' ვითამაშეთ.ასევე, შეტევების დახვეწასა და ბურთის დაკარგვის შემთხვევაში ''პრესინგით'' თამაშზე ვმუშაობდით.

ვარჯიშის შემდეგ სახლში მივედი, ვივახშმე, ტელევიზორი ჩავრთე, გერმანიის სუპერთასის დაწყებას ველოდებოდი. ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ, გამონაკლისია საფეხბურთო მატჩი, თუმცა ''მასტერშეფმა'' დამაინტერესა და თითქმის ყველა გადაცემას ვუყურე.ასევე მომწონს ''კაცების შოუ.''

თამაშის დაწყებამდე ოჯახის წევრებს დავურეკე. ძნელია როცა სახლში ექვსნი ხართ და უცბად მარტო რჩები, 2 და და 1 ძმა მყავს, ჩემი პატარა ძმა მომენატრა, რომელიც ზაგრების ''დინამოსთან'' წაგების შემდეგ ხასიათზე ვერ იყო, ერთი დავალება მომცა, ''არარატ-არმენიასთან'' გოლი უნდა გაიტანოო.

View this post on Instagram

????????????

A post shared by Sandro Altunashvili (@altunashvili22) on Apr 3, 2016 at 10:39am PDT

ჩემი საოცნებო კლუბი ''ლივერპულია,'' 2005 წლის სტამბოლის ფინალის შემდეგ ამ გუნდს ვქომაგობ, თუმცა ფეხბურთი რონალდინიომ და ტიერი ანრიმ შემაყვარეს.

დაძინებამდე გერმანიის სუპერთასის მატჩს ვუყურე, ''დორტმუნდმა'' ''ბაიერნს'' 2:0 მოუგო. ძილის წინ არ მიჭამია, თამაში გვიან მორჩა და მალე დავიძინე.

მზადება ''არარატ-არმენიასთან'' შეხვედრისთვის

დილით ადგომა ოდნავ გამიჭირდა, სუპერთასის შემდეგ გვიან დავიძინე და სათანადოდ ვერ გამოვიძინე. საუზმის შემდეგ ჩანთა ჩავალაგე და სასტუმროში წავედი. ერევანში გამგზავრებამდე გუნდის წევრები სასტუმროში ვიკრიბებით, სადილამდე თავისუფალი დრო გვქონდა, ცოტა ხანი მეძინა და ღამით დაკლებული ძილი ავინაზღაურე.

ოთახში კვლავ გეგასთან ერთად ვიყავი, სადილამდე ცოტა ვისაუბრეთ, რონალდინიოსთან მიმართებაში ჩვენი აზრები დაემთხვა. ორივე ერთ აზრზე ვართ, რომ მასსავით ბურთთან ურთიერთობა არავის შეეძლო. ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო, რასაც მოედანზე აკეთებდა ყველა მომენტით სიამოვნებას იღებდა და მაყურებელსაც ასიამოვნებდა. სადილის შემდეგ ვარჯიშამდე დრო PUBG-ის თამაშით გავიყვანეთ. დიდი ხანი არ მქონდა ნათამაშები, მაგრამ დიდი ''ქამბექით'' მოვიგე.

ვარჯიშმა დიდხანს არ გასტანა, დრო ბურთის ''ამოტანასა'' და სტანდარტული სიტუაციების დამუშავებას დაეთმო. სავარჯიშო პროცესი დასრულდა, მასაჟისა და ყინულის აბაზანის შემდეგ სასტუმროში წავედით.

ვივახშმეთ და შემდეგ თეორიულ მეცადინეობაზე ''არარატ-არმენიას'' ძლიერი და სუსტი მხარეები განვიხილეთ. მეტოქის მოთამაშეთა უმეტესობა ლეგიონერია და მათ კარის დაცვაზე მეტად შეტევაში თამაში გამოსდით. თუ ჩვენ თამაშს ვაჩვენებთ, დიდი ალბათობით მოვიგებთ.

უნდა გავფრინდეთ ერევანში სადაც არასდროს ვყოფილვარ, წარმოდგენა არ მაქვს როგორი ქალაქია. ამ ქალაქისადმი ინტერესი არასდროს მქონია.

გოლის წინათგრძნობა

კარგად მეძინა, კარგ ხასიათზე გავიღვიძე. ძალიან მნიშვნელოვანია თამაშის დღეს როგორ განწყობაზე, როგორ ხასიათზე ხარ.

ვისაუზმე, თეორიული მეცადინეობის დაწყებამდე ოთახში დავისვენე. თამაშის დღეს დრო ყოველთვის ნელა გადის. დრო რომ მალე გასულიყო, ფიზიოთერაპევტს თმების გადაპარსვა ვთხოვე, კარგად მაქვს დაცდილი, თან გრძელი თმა არ მიყვარს. ვფიქრობ თამაშზე ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყო, კარგად უნდა გამოიყურებოდე.

თეორიის დრო მოვიდა, სასტარტო თერთმეტეულში მოხვედრა გამიხარდა, რამაც ჩემი მოტივაცია გაზარდა. ვისადილე, დავისვენე და თამაშზე წასასვლელად ჩანთა ჩავალაგე. გასვლამდე მე და გეგა განწყობის ამაღლების მიზნით მუსიკას ვუსმენდით. ერევანზე განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი, თვალში ტელეანძა მომხვდა, ისეთივე, როგორიც თბილისშია. იმედი მაქვს ჩვენი ტელეანძა უფრო ადრეა გაკეთებული.

თამაში თავიდან რთული გამოდგა, პირველ ტაიმში ამინდმაც იმოქმედა, მაღალი ტემპერატურის გამო სუნთქვა რთული იყო. ყველაფერი მეორე ტაიმში დალაგდა, მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიეთ. გასულ დღეებში ისეთი წინათგრძნობა მქონდა, რომ გოლი უნდა გამეტანა, თან რამდენიმე ახლობელმაც მითხრა, რომ შენი გოლის დროაო.

გამიხარდა გოლის გატანა, თამაშში გარდატეხა შევიტანე, რასაც მალევე ''ყენოს'' გოლი მოჰყვა. გოლის დროს ჩემი ძმის სურვილი მინდოდა შემესრულებინა , მუხლებზე გავსრიალებულიყავი, მაგრამ გახარებულმა ''ლაკვემ'' დამიჭირა. რომ გავსრიალებულიყავი ალბათ მუხლებს ბალახზე დავტოვებდი, რადგან საფარი უკვე მშრალი იყო.

მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა გვითხრა, რომ თქვენი თავის 100 პროცენტით რომ გჯეროდეთ, უფრო კარგად ითამაშებდითო.


ფოტო/ვიდეო: gnkdinamo.hr, fcsaburtalo.ge

სანდრო ალთუნაშვილთან ერთად ტექსტზე მუშაობდა დიმა შარიქაძე

CrystalSport.ge-ზე უკვე გამოვაქვეყნეთ ავთო ებრალიძისა (იხილეთ)  და ირაკლი მაისურაძის (იხილეთ) დღიურები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები