Aa
Aa

თურქოღლუ FIBA-ს აკრიტიკებს: "თქვენმა არბიტრებმა ჩემს გუნდს ოქროს მედლები მოპარეს"

ჰედო თურქოღლუ თურქეთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია. მან ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 15 სეზონი გაატარა და „საკრამენტოში“, „სან ანტონიოში“, „ორლანდოში“, „ტორონტოში“, „ფინიქსსა“ და „კლიპერსში“ იასპარეზა.

თურქოღლუ ამჟამად თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია და 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ევრობასკეტის ფინალური შეხვედრის დასრულებისთანავე, სადაც თურქეთის ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდთან 57-ით 53 დამარცხდა, თურქოღლუმ FIBA გააკრიტიკა. ჰედომ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე FIBA-ს მიმართა და ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „ეს ყველაფერი სამარცხვინოა, ძალიან სამარცხვინოა! თქვენმა არბიტრებმა ჩემს გუნდს ოქროს მედლები მოპარეს. ამის პატიება არ შეიძლება! სამარცხვინო მსაჯობა იყო“.

თურქეთის 18-წლამდელთა ნაკრები უპირატესობას სამი მეოთხედის განმავლობაში ფლობდა, თუმცა მატჩის ბოლო წუთები ცუდად ჩაატარა და დასანანი მარცხი იწვნია. აღსანიშნავია, რომ თურქოღლუს განცხადებებს უცხოურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ჰედოს ბრალი მიკერძოებაში დასდეს, რაც გასაკვირი არავისთვის ყოფილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები