Aa
Aa

შეუდარებელი ლუის ჰემილტონი! ბრიტანელმა უნგრეთშიც იმარჯვა!

ფორმულა ერთის მორიგი გრან პრი, რომელიც უნგრეთში გაიმართა "მერსედესის" ბრიტანელი პილოტის, ლუის ჰემილტონის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. მოქმედმა ჩემპიონმა რბოლა მესამე ადგილიდან დაიწყო და უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუწია.

"რედ ბულის" წარმომადგენელი მაქს ფერსტაპენი ლიდერობას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა, თუმცა რბოლის დასრულებამდე 4 წრით ადრე პოზიციები დათმო და პირველი ადგილი ჰემილტონს გადაულოცა.

ბრიტანელის ტრიუმფი "მერსედესის" შესანიშნავი სტრატეგიის დამსახურება გახლდათ, რომლის დახმარებითაც ჰემილტონმა 20 წამიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და წლევანდელ სეზონში მერვე მოგება მიითვალა.

უნგრეთში გაფორმებული გამარჯვების შემდეგ, ბრიტანელმა ინდივიდუალურ ჩათვლაში უშუალო მდევარ ვალტერი ბოტასთან უპირატესობა 62 ქულამდე გაზარდა. ჰემილტონს ლეგენდარული მიხაელ შუმახერის რეკორდამდე 10 გამარჯვებაღა აშორებს.

"დაღლილი ვარ, მაგრამ ასეც უნდა იყოს. მინდა ჩემს გუნდს მადლობა გადავუხადო. მათ ჩემი სჯერათ და ყველაფერს აკეთებენ, რომ პოტენციალი მაქსიმალურად გამოვავლინო. მერსედესის რიგებში 7 წელია ვასპარეზობ, მაგრამ თითოეული გამარჯვება პირველივითაა". - განაცხადა რბოლის შემდეგ ბრიტანელმა.

ჰემილტონთან ერთად პოდიუმზე მაქს ფერსტაპენი და სებასტიან ფეტელი წარსდგნენ. შარლ ლეკლერმა მეოთხე პოზიცია დაიკავა. კარლოს საინსი კი მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ცხელი ამბები