გორგოძე:''მსოფლიოში ჩვენი გამარჯვების არავის სჯეროდა''
Aa
Aa

გორგოძე:''მსოფლიოში ჩვენი გამარჯვების არავის სჯეროდა''

ფრანგული ''ტულონის'' ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა და ''ბორჯღალოსნების'' შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჩატარებული მატჩები გაიხსენა.

მამუკა გორგოძე:''საფრანგეთის მსოფლიოს ჩემპიონატიდან მხოლოდ კარგი მოგონებები მაქვს. ირლანდიასთან მატჩში სენსაციამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა. რაგბიში სენსაციები ძალიან იშვიათად ხდება, მსოფლიო რაგბის ისტორიაში სენსაცია ძალიან იშვიათად ფიქსირდებოდა. ირლანდიასთან გამარჯვება სენსაცია იქნებოდა. მოედანზე ყველაფერი დავდეთ, დამარცხების მიუხედავად საქართველოს ნაკრების ასეთი კარგი თამაში უკვე სენსაცია იყო. ამ მატჩიდან საქართველოს ნაკრების აღმასვლა დაიწყო.

მსოფლიო თასებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტი ტონგასთან გამარჯვება იყო. მარტო ჩვენ გვჯეროდა, რომ ტონგასთან გამარჯვებას მივაღწევდით, ამ თავდაჯერების ხარჯზე წარმატებას მივაღწიეთ. მსოფლიოში არავის სჯეროდა, რომ ჩვენ ტონგას დამარცხებას შევძლებდით.

სპორტსმენისთვის თავდაჯერება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ და ჩვენს გარშემომყოფებს გამარჯვების სჯეროდათ და წარმატებას მივაღწიეთ.''


მამუკა გორგოძის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2003 წელს 18 წლის ასაკში ესპანეთთან შედგა. ლეგენდარულმა მორაგბემ ''ბორჯღალოსნების'' შემადგენლობაში 2003 წლიდან 2017 წლამდე იასპარეზა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი 2007, 2011 და 2015 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილეა.

გორგოძემ სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაასრულა.

ცხელი ამბები