ისტორიული ფაქტი სტამბულში! - უეფა-ს სუპერ თასის მატჩს ქალები იმსაჯებენ
Aa
Aa

ისტორიული ფაქტი სტამბულში! - უეფა-ს სუპერ თასის მატჩს ქალები იმსაჯებენ

უეფა-ს სუპერ თასის წლევანდელ მატჩს ფრანგი სტეფანი ფრაპარი განსჯის, რომელიც აღნიშნული გათამაშების პირველი ქალი მთავარი არბიტრი გახდება. ფრაპარს ასისტენტობას მისივე სქესის წარმომადგენლები - მანუელა ნიკოლოსი და მიშელ ო'ნილი გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯის მოვალეობას თურქი ჩუნეთ ჩაქირი შეასრულებს.

როგორც უკვე ითქვა, 35 წლის ფრაპარი უეფა-ს სუპერ თასის პირველი ქალი რეფერია, თუმცა, ზოგადად, უეფა-ს საკლუბო ტურნირებზე, მამაკაცთა შორის, ქალ არბიტრს აქამდეც უმსაჯია. შვეიცარიელი ნიკოლ პეტიგნა 2004-2009 წლებში უეფას თასის მატჩებს უძღვებოდა.

35 წლის ფრაპარს ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ლიგა 2-ის მატჩებს უძღვებოდა და საკმაოდ კვალიფიციური რეფერის სტატუსიც დაიმკვიდრა. ფრანგულ ფეხბურთში ფრაპარი პირველი ქალბატონია, რომელიც მამაკაცთა უმაღლესი ლიგის მატჩს გაუძღვა. ლიგა 1-ში მისი დებიუტი მიმდინარე წლის აპრილში შედგა.

ფრაპარისთვის ამ საპატიო ფუნქციის მინიჭებას სრულიად დამსახურებულს უწოდებს ცნობილი იტალიელი მსაჯი რობერტო როზეტი, რომელიც ამჟამად უეფა-ს სამსაჯო კომიტეტის ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელია.

"სტეფანიმ წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქალი მსაჯია. მას აქვს ყველა საჭირო თვისება, რომ უმაღლეს დონეზე იმსაჯოს. მან წელს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი განსაჯა. იმედი მაქვს, სტამბულში გასამართი შეხვედრა კიდევ უფრო დიდ გამოცდილებას მისცემს და კარიერულ წინსვლაში დაეხმარება". - ამბობს როზეტი.

უეფა-ს წლევანდელი სუპერ თასი პირველი იქნება, რომელშიც ვიდეო რეფერის სისტემას გამოიყენებენ. VAR-ს კლემენ ტურპენი უხელმძღვანელებს.

"ლივერპული" და "ჩელსი" 14 აგვისტოს, სტამბულში, "ბეშიქთაშის" საშინაო არენა "ვოდაფონ პარკზე" ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები