ეკატერინე წივწივაძე JR.NBA-ის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება
Aa
Aa

ეკატერინე წივწივაძე JR.NBA-ის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება

ზედიზედ მეორედ, ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. შარშან ეს პატივი წილად ხვდა ლუკა ალავიძეს, წელს კი ამერიკაში გასამართ პლანეტის პირველობაში სამონაწილეოდ ეკატერინე წივწივაძე ემზადება. ქართველი გოგონა ეპანეთის ქალაქ ვალენსიაში იმყოფება, სადაც თავი მოიყარეს ევროპისა და შუა აზიის გოგონათა და ვაჟთა ნაკრებებმა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის წინ საწვრთნელ შეკრებას გადიან. 

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე წივწივაძე კიდევ 2 ქართველ მოთამაშესთან (თენგო გოგიშვილი, ნიკა აბულაძე) და 1 მწვრთნელთან (გიორგი რაზმაძე) ერთად მიმდინარე წლის 29 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით იტალიის ქალაქ ბოლონიაში, ჯუნიორ ნბა-ს შესარჩევ კემპზე იმყოფებოდა, სადაც თავი ჩვენი კონტინენტის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა მოიყარეს. ეკატერინემ ევროპისა და შუა აზიის რეგიონის ნაკრებში ადგილი დაიმსახურა და ეს გადაწყვეტილება ორიგინალური ხერხით, ტვ-იმედის პირდაპირ ეთერში, გადაცემის მსვლელობისას შეიტყო. სასიხარულო ამბავი მას ნბა-ს ყოფილმა ფრანგმა ვარსკვლავმა, ბორის დიაომ ამცნო.

ევროპისა და შუა აზიის ნაკრებში 10 გოგონა მოხვდა. ისინი აღნიშნული რეგიონების 9 ქვეყანას წარმოადგენენ: ნაკრებში თითო წარმომადგენელი ჰყავთ საქართველოს, ინგლისს, ფინეთს, ლატვიას, საფრანგეთს, სერბეთს, იტალიას და ყატარს, ხოლო ლიეტუვიდან ევროპა-შუა აზიის ნაკრებში 2 გოგონა მოხვდა.

ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიოს ჩემპიონატი 6-11 აგვისტოს ამერიკის შეერთებულ შტატების ქალაქ ორლანდოში გაიმართება. ფლორიდის შტატში თავს მსოფლიოს 40 ქვეყნის 350 რჩეული გოგონა და ვაჟი მოიყრის. ტურნირში გოგონათა და ვაჟთა 16-16 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. გათამაშების ფორმატი უცვლელია და მის მიხედვით ტურნირის მსვლელობისას გამოვლინდება თითო საუკეთესო ნაკრები ამერიკისა და დანარჩენი მსოფლიოს რეგიონებიდან. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ამერიკის საუკეთესო ნაკრები დანარჩენი მსოფლიოს საუკეთესოს შეხვდება.

ტურნირის ბადეში ამერიკის მხარეს არიან ნბა-ს დივიზიონის შესაბამისი რეგიონების ნაკრებები: ჩრდილო-დასავლეთი, ცენტრალური, შუადასავლეთი, ატლანტიკა, დასავლეთი, სამხრეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი. დანარჩენი მსოფლიოს მხარეს კი არიან: კანადა, ლათინური ამერიკა, ევროპაშუა აზია, ჩინეთი, მექსიკა, აფრიკა, ინდოეთი და აზიაწყნარი ოკეანე. 

ესპანეთის ქალაქ ვალენსიიდან ევროპაშუა აზიის ნაკრები პირდაპირ ორლანდოში გაემგზავრება, სადაც 6 აგვისტოს ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები