''დინამოს'' მწვრთნელი: ''შენგელიამ ფანტასტიკურად ითამაშა, მას ბევრი გუნდი იწვევს''
Aa
Aa

''დინამოს'' მწვრთნელი: ''შენგელიამ ფანტასტიკურად ითამაშა, მას ბევრი გუნდი იწვევს''

ევროპა ლიგის 2019-20 წლების სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის ''დინამომ'' ორი მატჩის ჯამში აზერბაიჯანული ''გაბალა'' 5:0 გაანადგურა. საპასუხო თამაში ''დინამო არენაზე'' გაიმართა და თბილისელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

თბილისურ მატჩში ლევან შენგელიამ დუბლი შეასრულა, ხოლო ცვლილებაზე გამოსულმა კვამე კარიკარიმ ''დინამოსთვის'' სადებიუტო გოლი შეაგდო.

დინამოელთა ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ ''დინამო არენაზე'' პრესკონფერენცია გამართა.

ფელი ვისენტე:''უპირველესად გამარჯვებას კლუბის ყველა წევრს ვულოცავ, წარმატება გუნდურმა მუშაობამ მოიტანა, ჩვენი დღევანდელი თამაში დაგეგმილი იყო. ბოლო პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. ჩვენს გუნდში გამარჯვებასთან ერთად კარის მშრალად შენახვა ძალიან მნიშვნელოვანია. სასიხარულოა, რომ გოლი არ გავუშვით.''

- რას დაუპირისპირებთ გაცილებით ძლიერ ''ფეიენორდს''?

- ჩვენი გუნდის ყველა ფეხბურთელი ზრუნავს კარის უსაფრთოებაზე, უმნიშვნელოვანესია არ გავუშვათ გოლი. ფორვარდი, მცველი, ნახევარმცველი თუ მეკარე კარის მშრალად შენახვაზეა ორიენტირებული.

- რამდენად დიდი შანსია, რომ ლევან შენგელია გუნდში დარჩეს?

- მისი შეძენა რამდენიმე კლუბს სურს. განიხილება, როგორც მასთან განშორების, ასევე მასთან თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობა. დღეს როგორც ლევანმა, ასევე ზოგადად გუნდმა ფანტასტიკურად ითამაშა.

 დიდი მადლობა გუნდის თითოეულ ქომაგს, მაგრამ ორი კვირის შემდეგ მათგან მეტ მხარდაჭერას ველით. ''ფეიენორდი'' ევროპული გრანდია და გამოჩნდება რეალურად რა ძალის მქონე გუნდი ვართ. ''დინამოს'' ისტორია ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვეცდებით ისტორიას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ.

უახლოეს ორ დღეში გამოჩნდება რამდენად მძიმეა იაშვილის ტრავმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თბილისის ''ლოკომოტივთან'' წარმატებით ვითამაშოთ, თბილისურ დერბიში მოედანზე საბრძოლო შემადგენლობით გავალთ. ამ ეტაპზე ''ფეიენორდზე'' არ ვფიქრობთ, დღეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ''ლოკომოტივთან'' მატჩია.

ფოტო: თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები