Aa
Aa

"აუდის თასის" შემდგომი "რეალის" პრობლემები

მადრიდის „რეალი“ წინასასეზონო შეხვედრებში ცუდად გამოიყურება. „სამეფო კლუბმა“ 5 ამხანაგური მატჩიდან ერთი მოიგო და 3-ჯერ დამარცხდა. "აუდის თასის" დასრულების შემდეგ "ბლანკოსის" ქომაგებს შორის ბევრი კითხვა გაჩნდა და მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პრობლემების გამოსწორება აუცილებელია.

მეკარეები

„რეალის“ სამ გოლკიპერს, ტიბო კურტუას, კეილორ ნავასსა და ანდრეი ლუნინს წინასასეზონო მატჩებში ჯამში 16 გოლი აქვთ გაშვებული, რაც საშინელი შედეგია. ნავასმა „ტოტენჰემთან“ და „ფენერბაჰჩესთან“ რამდენიმე კარგი სეივი შეასრულა, მაგრამ წინასასეზონო შეხვედრებში 9 გოლი გაუტანეს. ტიბო კურტუამ საკუთარი გუნდის გადარჩენა 6-ჯერ ვერ მოახერხა და ტრავმის გამო ესპანეთში მოუწია დარჩენა. რაც შეეხება ლუნინს, მას ერთი გოლი აქვს გაშვებული, მაგრამ ხსენებული დუეტისთვის კონკურენციის გაწევა ძალიან გაუჭირდება.

დაცვის ხაზი

„რეალი“ ტრადიციულად იყო და არის გუნდი, რომელიც გაუვალი დაცვით არ გამოირჩევა (გამონაკლის შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით) და წარმატებას ფენომენალური, საოცარი და სუპერვარსკლავური შეტევის ხარჯზე აღწევს. ასეთი მიდგომის მინუსი ისაა, რომ თუ მცველები საშუალო დონეზე ვერ თამაშობენ, გუნდს პრობლემები ექმნება. ამ ზაფხულს გამართული 5 ამხანაგური მატჩი ამას იდეალურად ასახავს. „ბლანკოსმა“ 11 გოლი გაიტანა და 16 გაუშვა! „ფენერბაჰჩემაც“ კი, რომელიც შარშან თურქეთის ჩემპიონატში მეექვსე ადგილზე გავიდა, მადრიდელთა კარის აღება 3-ჯერ მოახერხა.

ზიდანის „რეალს“ დაცვითი სისტემა ფაქტობრივად არ აქვს და უკანახაზელებს ინდივიდუალური დუელების მოგებაც უჭირთ. ფლანგის მცველები შეტევაში ისე ვერ ერთვებიან, როგორც საჭიროა, ხოლო ცენტრალური უკანახაზელები ბევრ შეცდომას უშვებენ. ერთადერთი გამონაკლისი ალბათ ნაჩოა.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ იმედი აქვთ, რომ ედერ მილიტაუ დაცვაში არსებულ პრობლემებს გამოასწორებს, მაგრამ საკითხავია შეძლებს კი ერთი ფეხბურთელი სიტუაციის რადიკალურად შეცვლას?!

ნახევარდაცვა

„რეალს“ კაზემირო აკლია და როგორც ჩანს ბრაზილიელი „სამეფო კლუბისთვის“ საკმაოდ დიდ ძალას წარმოადგენს. ვალვერდე პერსპექტიული ფეხბურთელია, მაგრამ ჩამშლელის პოზიციაზე თავს კომფორტულად ვერ გრძნობს და ჯერ კიდევ დაღვინების პროცესშია. ნახევარდაცვაში რეფორმების გატარება აუცილებელია და ზიდანს დრო 2 სექტემბრამდე აქვს. მადრიდელებს ახალი სისხლი სჭირდებათ და პოლ პოგბა იდეალური ვარიანტია. ფრანგი ფეხბურთელის გარდა კრისტიან ერიქსენის კანდიდატურაც განიხილება.

თავდასხმა

"რეალის" მიერ გატანილი 11 გოლიდან თავდამსხმელებზე მხოლოდ 5 მოდის.(4 ბენზემა და 1 მარიანო დიასი) ფრანგი ცენტრფორვარდი კარგად გამოიყურება, მაგრამ ტრადიციულად მნიშვნელოვან თამაშებში თავის გამოჩენას ვერ ახერხებს და ნაკლებად სავარაუდოა ახალ სეზონში რამე შეიცვალოს. მარიანო დიასი ცუდი ფეხბურთელი არ გახლავთ, მაგრამ ზიდანის ტაქტიკაში არ ჯდება. იოვიჩი, რომელზეც „ბლანკოსი“ დიდ იმედებს ამყარებდა, გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს და ჯერჯერობით საკუთარი თავი ვერ იპოვა. პრინციპში ბევრი სათამაშო დროც არ მიუღია.

რაც შეეხება ვინისიუსს, როდრიგოს და კუბოს, მათ გამონათებები ჰქონდათ, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აუცილებელია ედენ აზარსაც შევეხოთ. ბელგიელი „რეალის“ შეტევის ერთ-ერთი ლიდერია და მან გოლების გატანა და შედეგიანი გადაცემების დარიგება უნდა დაიწყოს!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები