„რეალის“ ყოფილმა თავკაცმა გარეტ ბეილი გააკრიტიკა
Aa
Aa

„რეალის“ ყოფილმა თავკაცმა გარეტ ბეილი გააკრიტიკა

მადრიდის „რეალის“ ყოფილი დამრიგებელი, ჯონ ტოშაკი გარეტ ბეილის გარშემო ატეხილ სკანდალს გამოეხმაურა. უელსელმა სპეციალისტმა თანამემამულე გააკრიტიკა და „სამეფო კლუბს“ დაუჭირა მხარი. როგორც მოგეხსენებათ გარეტს ჩინეთში წასვლის შანსი ჰქონდა, თუმცა „ლოს ბლანკოსმა“ ბოლო წამს მისი გასხვისება გადაიფიქრა. ამან 30 წლის შემტევი გაანაწყენა და ყველაფერი საპნის ოპერას დაემსგავსა, რომელსაც დასასრული არ უჩანს.

ტოშაკმა 30 წლის სუპერვარსკლავის შესახებ BBC 5-ის რადიოს პირდაპირ ეთერში ისაუბრა და განაცხადა: „ნუ იმალები გარეტ, ინტერვიუ ჩაწერე, საკუთარი პოზიცია დააფიქსირე. ესპანეთში ყველაფერი ცუდად განვითარდა და ამის გამო ვწუხვარ. შენ 6 თუ 7 წელია აქ თამაშობ და ესპანური ენა ჯერ კიდევ არ იცი. ეს იმ ხალხის შეურაცხყოფაა, ვისთვისაც მუშაობ".

"ბეილი რეალისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ძალიან სამწუხაროა, რომ არ ცდილობს დაუახლოვდეს ქვეყანას, სადაც ცხოვრობს და გულშემატკივრებს, რომლებიც მას მხარს უჭერენ".

"კარგი რა გარეტ. დრო გამონახე და ესპანური ენა ისწავლე“.

„სამეფო კლუბის“ ამჟამინდელმა თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ უელსელი ფეხბურთელის შენარჩუნება მის სამომავლო გეგმებში არ შედის და ნამდვილად საინტერესოა მოვლენები როგორ განვითარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები