მძიმე მარცხი ზაგრებში და კავკასიური დერბის მოლოდინი
Aa
Aa

მძიმე მარცხი ზაგრებში და კავკასიური დერბის მოლოდინი

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ზაგრების ''დინამომ'' შინ ''საბურთალო'' 3:0 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში ხორვატიის ჩემპიონმა საქართველოს ჩემპიონს 5:0 სძლია.

ჭიაბრიშვილმა პირველი მატჩის შემდეგ კუპატაძეს, გაბედავას, ჩაბრაძეს, გორგიაშვილს, ცნობილაძეს, კაკუბავას მისცა სასტარტო შემადგენლობაში თამაშის შანსი. ''საბურთალოს'' მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო თერთმეტეულში 6 ცვლილება განახორციელა, რაც გარკვეულწილად იმ ფაქტით იყო განპირობებული, რომ გიორგი კოხრეიძე დისკვალიფიცირებული იყო, ელვინ ტერა სავიზო პრობლემების გამო ვერ გაემგზავრა ზაგრებში, ხოლო ვაგნერ გონსალვეში და ლაშა შინდაგორიძე ტრავმირებულები არიან.

მეორე ტაიმში ჭიაბრიშვილმა თამაშში გეგა დიაამიძე ჩართო, რომელმაც ''საბურთალოს'' თამაშს კრეატივი შესძინა. ''საბურთალოს'' პირველ გუნდში 19 წლის იური ტაბატაძის დებიუტი ''მაქსიმირზე'' შედგა. ასევე 19 წლის მცველმა გიორგი ჯინჯოლავამ ''საბურთალოს'' პირველ გუნდში მხოლოდ მესამე შეხვედრა ჩაატარა. დიასამიძემ  გორგიაშვილი შეცვალა, ჯინჯოლავამ - ჩაბრაძე, ტაბატაძემ კი - მალი.

პირველი მატჩის მსგავსად ''მაქსიმირზე'' გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, თუმცა მატჩის დასკვნით ნახევარ საათში მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს და ლაზარე კუპატაძის კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს.

77-ე წუთზე ორსიჩმა ანგარიში გახსნა, მან ''საბურთალოს'' ''მიხეილ მესხზეც'' გაუტანა და ორივე შეხვედრაში მისი გოლით გაიხსნა ანგარიში.

 

სტუმართა მხრიდან გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი გიორგი გაბედავას ჰქონდა, რომელიც დიასამიძის ბრწყინვალედ განვითარებული შეტევის შემდეგ ფაქტობრივად ცარიელ კართან აღმოჩნდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მეტოქის მცველმა დასწრებაზე ბრწყინვალედ ითამაშა. ამ შეტევისას ანგარიში 1:0 იყო, ხოლო პირველ ტაიმში ოგნიენ როლოვიჩი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდა.

88-ე წუთზე პეტკოვიჩმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. ორსიჩის მსგავსად ბრუნო პეტკოვიჩმა ''მიხეილ მესხზეც'' შეძლო გოლის გატანა, მეორე გოლი ორივე მატჩში 24 წლის თავდამსხმელმა შეაგდო.

 

მეოთხე დამატებულ წუთზე  ცვლილებაზე გამოსულმა დანი ოლმომ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ოლმო ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია, მისი შეძენა მიუნხენის ''ბაიერნსა'' და ლონდონის ''ტოტენჰემს'' სურთ.

მესამე გოლის გარდა აღსანიშნავია, რომ მეორე გოლისას საგოლე პასი ოლმომ შეასრულა.

 

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას დაემშვიდობა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება. თბილისური კლუბი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სომხეთის ჩემპიონ ''არარატ-არმენიას'' დაუპირისპირდება.

საქართველოსა და სომხეთის ჩემპიონს შორის გამარჯვებული ევროპა ლიგის ფლეი-ოფში ითამაშებს. პირველი შეხვედრა 8 აგვისტოს ერევანში გაიმართება, საპასუხო მატჩს კი ''მიხეილ მესხი'' 15 აგვისტოს უმასპინძლებს.

ფოტო: ''საბურთალოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები