აბურჯანია ლაღი და შემტევი ფეხბურთის მოლოდინში
Aa
Aa

აბურჯანია ლაღი და შემტევი ფეხბურთის მოლოდინში

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ახალი სეზონიდან ენსხედეს „ტვენტეს“ შემადგენლობაში 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 24 წლის ქართველი ენსხედელთა რიგებში 2-წლიანი იჯარით იასპარეზებს, რის შემდეგაც „ტვენტეს“ "სევილიადან" მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარის წესით ლა ლიგა 2-ის ''ლუგოში'' გაატარა და 26 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

გიორგი აბურჯანია CrystalSport-ს ესაუბრა.

-  როგორ მოგწონს ენსხედე? მოასწარი დათვალიერება?

- სიმართლე გითხრა ჯერ დათვალიერება ვერ მოვასწარი, რადგან დღეში ორი ან სამი ვარჯიშის ჩატარება გვიწევს, მოსამზადებელი ეტაპი მიმდინარეობს და თავისუფალი დრო არ გვაქვს.

- ''აიაქსში'' ყოფნისას შოთა არველაძემ ჰოლანდიური ენა ისწავლა. გეგმავ ენის შესწავლას?

- რაც მესმის ძალიან რთული ენაა. ჰოლანდიურის სწავლა დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენ ხანს მომიწევს ჰოლანდიის ჩემპიონატში თამაში. ვფლობ ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებს, რაც ვფიქრობ კომუნიკაციისთვის საკმარისია.

- ტარაგონა კატალონიის მხარეა. ''ხიმნასტიკში'' თამაშისას კატალონიური ენა ხომ არ გისწავლია?

- ტარაგონაში უმრავლესობა ესპანურად საუბრობს. ესპანური და კატალონიური ენების ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ასე რომ თავისუფლად შეგიძლია ყველაფერი გაიგო.

- ''ხიმნასტიკიდან'' ''სევილიაში'' გადასვლის შემდეგ, როცა გავიდა გარკვეული დრო და გამოჩნდა, რომ პირველ გუნდში თამაში არ მოგიწევდა, დეპრესიული პერიოდი გქონდა?

    - დეპრესიული პერიოდი არ მქონია, თუმცა ყველაზე რთული ტრავმის გამო 4-5-თვიანი უთამაშებლობა აღმოჩნდა.

    - შენი შესრულებით საუკეთესო საგოლე პასი ესპანური კარიერიდან.

    - ალბათ ''ელჩესთან'' მატჩი, როცა ჩემი პასით ხოსე ნარანიომ გაიტანა.

    - ''ტვენტე'' გასულ სეზონში დაბრუნდა ერედივიზიეში. რა მიზანს ისახავს გუნდი ახალ სეზონში?

    - მიზანი ევროპა ლიგის საგზურის მოპოვებაა.

    - ''ტვენტეს'' მთავარ მწვრთნელ გონსალო რეკობასთან ერთად ''ანორთოსისში'' თამაშობდი. როგორი ფეხბურთის მიმდევარია და როგორ დაახასიათებ პიროვნულად?

    - გონსალო გამთამაშებლის პოზიციაზე თამაშობდა, ლაღი და შემტევი ფეხბურთი უყვარდა. გემოვნება მწვრთნელად გახდომის შემდეგ არ შეცვლია. ჩვენგან ასეთივე ფეხბურთს ითხოვს. გონსალო ძალიან გახსნილი და უშუალო პიროვნებაა.

    - ტედ ვან ლეუვენს ბევრ ქართველთან უმუშავია, თუმცა ამჯერად მხოლოდ შენ მიგიწვია. სხვა ქართველი ფეხბურთელის მიწვევასაც ხომ არ გეგმავდა ან ხომ არ გეგმავს ''ტვენტეში''?

    - როგორც ვიცი ამ ეტაპზე სხვა ქართველის დამატებას არ აპირებს.

    - ''ტვენტეში'' გადასვლის შემდეგ კლუბის წევრებს ან ქომაგებს შენთან გოგა გახოკიძის შესახებ ხომ არ უსაუბრიათ?

    - ქომაგებთან უშუალო შეხება არ მქონია, ხოლო კლუბის თანამშრომლები გოგა გახოკიძეს ძალიან დადებითად და პოზიტიურად იხსენებენ.

    - გასული სეზონის პირველ ნახევარში ''ლუგოში'' მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ გქონდა. რამდენად კმაყოფილი ხარ გასული სეზონით? 

    - უკმაყოფილო საერთოდ არ ვარ, ძალიან კარგი სეზონი გამოვიდა. მიზანს მივაღწიეთ და ლა ლიგა 2-ში ადგილი შევინარჩუნეთ. სეზონის მეორე ნახევარში თითქმის ყველა მატჩი შეუცვლელად ჩავატარე. ''ლუგოში'' გადასვლა ასი პროცენტით სწორი გადაწყვეტილება იყო.

    - პროფესიული კუთხით რა მოგცა ესპანეთში გატარებულმა პერიოდმა?

    როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება საგრძნობლად გავიზარდე.

    მოამზადა დიმა შარიქაძემ

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები