Aa
Aa

"სამშობლოდან უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენი" - 81-ე ჩოგნობიდან ორგზის ჩემპიონობამდე!

ნიკოლოზ ბასილაშვილი გასულ წელს ჰამბურგში მსოფლიოს 81-ე ჩოგნის რანგში ჩავიდა და ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, სადაც 2 მატჩის მოგებით ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.

ნიკამ ტურნირი ტრიუმფით დაასრულა და ATP-ს 500-იანი კატეგორიის გათამაშება კვალიფიკანტის რანგში მოიგო, რაც მამაკაცთა ჩოგბურთში ბოლოს 2008 წელს, გერმანელ ფილიპ პეტშნერს ვენის ტურნირზე ჰქონდა გაკეთებული. ბასილაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი წარმომადგენელი გახდა, რომელმაც ATP-ს ტიტული დაისაკუთრა.


 

„პერფექციონიზმის დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ. ვიცი, რომ მაქვს რეპუტაცია, თითქოს ნებისმიერ მომენტში ზუსტად თამაშს ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ ეს შეუძლებელია.

უნდა სცადო, სიტუაცია გაამარტივო და იოლი გამოსავალი მონახო და არა - საქმე გაირთულო. მას ძალიან უყვარს რაღაცების იდეალურად გაკეთება, ამასთანავე სურს, ეს ყველაფერი იოლად მოხდეს. ის მუდამ გამარჯვებისთვის იბრძვის“. - ამბობდა ნიკას გამოცდილი გერმანელი მწვრთნელი - იან დე ვიტი.

დე ვიტი ATP-ში პროფესიონალი მწვრთნელი 1998 წლიდან გახდა. იგი სხვადასხვა დროს ჟილ სიმონთან, გაელ მონფილსთან, ვიქტორ ტროიცკისთან და ტაცუმა იტოსთან მუშაობდა.

სხვათა შორის, დე ვიტი გერმანიის რეგიონული პარლამენტის წევრიც იყო. ნიკას ბოლოდროინდელ გამარჯვებებში, რა თქმა უნდა, უდიდესი წვლილი აქვს და ერთობლივად უკვე 3 ტურნირი მოიგეს. მუდამ მშვიდი და გაწონასწორებული იანი ქართველს სწორი რჩევებითა და ვარჯიშებით ეხმარება, დანარჩენი უკვე ნიჭისა და შრომის შედეგია.

“22-23 წლამდე ძალიან დაულაგებელი მოთამაშე ვიყავი და ვიტყოდი, საქმეს არაპროფესიონალურად ვუდგებოდი. მინდოდა, კარგად მეთამაშა, თუმცა ეს არ გამომდიოდა, რადგან სათამაშო გეგმა არ მქონდა. მუდამ რაღაც მნიშვნელოვანი გამომრჩებოდა ხოლმე.

დიდი ხნის განმავლობაში, დაახლოებით 2-3 წელი, რეიტინგის 50-100 პოზიციებს შორის ვტრიალებდი. მჭირდებოდა ვინმე, ვინც 100%-ით მენდობოდა და მხარს დამიჭერდა.

მწვრთნელმა სწორი მიმართულება მომცა, გეგმიურად თამაში დავიწყე და პროფესიონალ ჩოგბურთელად ჩამოვყალიბდი. ჩემი შრომის სისწორის დასადასტურებლად კი ATP-ს ტიტულის მოგება იყო საჭირო, რაც ჰამბურგსა და პეკინში გავაკეთე კიდეც. ამ ყველაფერმა დამამშვიდა, თავდაჯერება შემმატა და უფრო მეტი მოტივაცია მომცა“. - ციტირებს ბასილაშვილს ATP-ს ოფიციალური საიტი.


 

ნიკამ ჰამბურგის ტურნირის წლევანდელ გათამაშებაზე დომინიკ ტიმის, ფაბიო ფონინისა და ალექსანდრ ზვერევის შემდეგ, მე-4 განთესვა მიიღო და უგო დელიენის, ხუან იგნასიო ლონდეროს, ჟერემი შარდის, ალექსანდრ ზვერევისა და ანდრეი რუბლევის დამარცხებით, გასულ წელს მოპოვებული ტიტული დაიცვა.

საამაყო და მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ, რაც ჰამბურგში 2004 და 2005 წლებში როჯერ ფედერერმა ჩემპიონობა იზეიმა, ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველია, ვინც ეს ტურნირი ზედიზედ ორჯერ მოიგო.


 

„როცა რაღაცას აღწევ, ხალხი შენგან მეტს და მეტს მოელის. ყველა მილოცავს, ყველა ბედნიერია. სამშობლოდან უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენი და ეს ბრწყინვალე გრძნობაა.

ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ბოლო ორ მატჩში მენტალური ბალანსის შენარჩუნება შევძელი და არ დავნებდი. როგორც ჩანს, აქ ჩემს საუკეთესო ჩოგბურთს ვთამაშობ. მიხარია, რომ ტიტულის დაცვა შევძელი და ამ კუთხით ჩემი გვარი როჯერისა და ანდრეი მედვედევის გვერდითაა“. - განაცხადა ნიკამ ATP-ს ოფიციალურ საიტთან საუბრისას.

მარტინ კლიჟანის შემდეგ, რომელმაც ჰამბურგში 2016 წელს იმარჯვა, ბასილაშვილი ამ ტურნირის პირველი განთესილი ჩემპიონია. ნიკამ 354 845 ევრო და 500 სარეიტინგო ქულა მიიღო და მიმდინარე კვირაშიც მსოფლიოს მე-16 ჩოგნის სტატუსით იქნება.

 

„ეს ჩემთვის კარგი კვირა იყო, უფრო მეტიც - ჩემს კარიერაში საუკეთესო! რა თქმა უნდა, ფინალში წაგებას იმედგაცრუება ახლავს, მაგრამ ნიკოლოზმა ნამდვილად კარგად ითამაშა და ტიტული დაიმსახურა.

ერთი ტურნირის ზედიზედ ორჯერ მოგება ბრწყინვალე შედეგია. ამის გაკეთება, განსაკუთრებით მენტალური გადმოსახედიდან, ნამდვილად რთულია, თუმცა მან ეს შეძლო. ეს დაუჯერებელია“. - ეს უკვე 21 წლის ანდრეი რუბლევის სიტყვებია, რომელმაც ტურნირის მთავარ ფავორიტ დომინიკ ტიმს 2 სეტში მოუგო.

რუბლევი 500-იანი ტურნირის ფინალში პირველად თამაშობდა, მის აქტივში ATP-ს ერთადერთი ტიტულია, რომელიც 2017 წელს უმაგის 250-იან ტურნირზე მოიპოვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ჰამბურგის ტურნირზე ზედიზედ 12 შეხვედრა აქვს მოგებული. გასული წლის ჩემპიონობისთვის ნიკას პროპელერის მსგავსი თასი გადასცეს, წელს კი ბევრი ვერ მიხვდა, თუ რა დატვირთვა ჰქონდა განახლებული დიზაინის მქონე საჩემპიონო ჯილდოს: მასზე ყვითლად წინა წლის ფინალის ბოლო გათამაშების დარტყმების მიმართულებებია გამოსახული, დააკვირდით ფოტოსა და ვიდეოს:


 

„ნიკოლოზ, გილოცავთ ბრწყინვალედ ჩატარებულ ტურნირს“. – ATP-ს ოფიციალურ საიტზე ქართველის გამარჯვებას უცხოელი გულშემატკივრები მსგავსი კომენტარებით ეხმაურებიან.

ბასილაშვილი ქართული ჩოგბურთის სამუდამო სიმბოლოა. კაცმა, რომელიც ბნელ 90-იანებში დაიბადა და, წარმოიდგინეთ, საჩოგბურთო განათლება რა პირობებში მიიღო, უდიდესი შრომის, უსაზღვრო ძალისხმევის, გაუტეხელი ფსიქოლოგიისა და, რა თქმა უნდა, ნიჭის წყალობით, ATP-ს 500-იანი ტურნირი მესამედ მოიგო. გააკეთა ის, რასაც წელიწად-ნახევრის წინ ვერავინ იფიქრებდა. ჯერ კიდევ ბევრი რამ წინაა!..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები