ზიდანის მორიგი პრობლემა - ჭარბწონიანი ედენ აზარი?
Aa
Aa

ზიდანის მორიგი პრობლემა - ჭარბწონიანი ედენ აზარი?

მადრიდის „რეალის“ წინასასეზონო სამზადისი ისე ნამდვილად არ მიმდინარეობს, როგორც „სამეფო კლუბის“ თავკაცს, ზინედინ ზიდანს სურს. ზაფხულში შეძენილ ფეხბურთელებს ჯერჯერობით თავი არ გამოუჩენიათ. ფრანგმა სპეციალისტმა გარეტ ბეილსაც ვერაფერი მოუხერხა. „ატლეტიკოსთან“ სამარცხვინო მარცხზე კი საუბარიც ზედმეტია. ესპანური გამოცემების ცნობით ზემოთ ხსენებულ პრობლემებს კიდევ ერთი დაემატა. საქმე ედენ აზარის წონას ეხება.

ბელგიელ ფეხბურთელს, რომლის პრეზენტაციისას ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ ედენი „რეალში“ არსებულ ყველა პრობლემას მოაგვარებდა, მონრეალში ჩასვლისას რამდენიმე კილოგრამი ჰქონდა მომატებული. „სამეფო კლუბთან“ დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით Sport იტყობინება, რომ საუბარი 7 კილოგრამზეა.

კატალონიური გამოცემა იმავე წყაროს მიხედვით იუწყება, რომ ფლორენტინო პერესმა პოზიცია შეცვალა და ახლა ედენ აზარის აღარ სჯერა. არადა ბელგიელი ფეხბურთელი „რეალის“ ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია. მადრიდელებმა მის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადეს, რასაც ბონუსებიც დაემატება.

აღსანიშნავია, რომ ზიდანის გუნდს ტრავმის გამო მარკო ასენსიო, ლუკა იოვიჩი და ფერლან მენდი ვერ ეხმარებიან. ასე რომ „ზიზუს“ საკმაოდ ცხელი ზაფხული ელის და სავარაუდოდ სერიოზული რეფორმების გატარება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები