Aa
Aa

"მერსედესის" პრობლემები და ფერსტაპენის ტრიუმფი გერმანიაში

ფორმულა ერთის მიმდინარე სეზონის რიგით მე-11 გრან პრი გერმანიაში გაიმართა. ყველასთვის მოულოდნელად „მერსედესი“ საკუთარ კედლებში შერცხვა და საუკეთესო შედეგი „რედ ბულის“ პილოტმა, მაქს ფერსტაპენმა დააფიქსირა.

„ვერცხლისფერი ისრებისთვის“ „ჰოკენჰაიმრინგზე“ გამართული რბოლა განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა. „მერსედესის“ პერსონალი სპეციალური ეკიპირებით გახლდათ გამოწყობილი, რომელიც ავტოსპორტში გატარებული 125 წელს უკავშირდებოდა, თუმცა გერმანულმა საჯინიბომ პროგრამა მინიმუმიც ვერ შეასრულა

„ვერცხლისფერი ისრების“ ლიდერს, ლუის ჰემილტონს სერიოზული პრობლემები შეექმნა და მხოლოდ და მხოლოდ ორ ქულას დასჯერდა. ბრიტანელმა მრბოლელმა ფინიშის ხაზი მეთერთმეტემ გადაკვეთა, თუმცა „ალფა რომეომ“ 30 წამიანი ჯარიმა მიიღო და მოქმედი ჩემპიონი მეცხრე პოზიციაზე აღმოჩნდა. ჰემილტონის თანაგუნდელი, ვალტერი ბოტასი კი შვიდი პილოტიდან ერთ-ერთი გახლდათ, რომელმაც რბოლა ვერ ჩაამთავრა.

ფერსტაპენთან ერთად კვარცხლბეკზე სებასტიან ფეტელი და დანიილ კვიატი წარსდგნენ. მეოთხე ადგილი ლენს სტროლმა დაიკავა, ხოლო მეხუთე პოზიცია კარლოს საინსმა დაისაკუთრა. აღსანიშნავია, რომ „ჰოკენჰაიმრინგზე“ გამართული რბოლა რობერტ კუბიცასთვის განსაკუთრებული გამოდგა. პოლონელმა პილოტმა დიდ სპორტში დაბრუნების შემდეგ პირველი ქულა მოიპოვა.

ფორმულა ერთის მომდევნო გრან პრის უნგრეთი უმასპინძლებს. „ჰუნგარორინგზე“ რბოლა 4 აგვისტოს გაიმართება.

ცხელი ამბები