უარის მიზეზი ცნობილია: დე ლიხტის მოთხოვნა, რომელიც
Aa
Aa

უარის მიზეზი ცნობილია: დე ლიხტის მოთხოვნა, რომელიც "ბარსელონასთვის" მიუღებელი იყო

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას მატიის დე ლიხტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშე იყო და მის ირგვლივ მოვლენები საინტერესოდ განვითარდა.

ფანჯრის გახსნისთანავე დე ლიხტს "ბარსელონას" უკავშირებდნენ და შეთანხმება თავდაპირველად გარდაუვალიც კი იყო, თუმცა სიტუაცია მალე შეიცვალა.

ჰოლანდიელი მცველი ჯერ "მანჩესტერ იუნაიტედს", შემდეგ კი პსჟ-ს დაუკავშირეს. დე ლიხტი "ბარსელონასთან" ხელფასზე ვერ თანხმდებოდა.

ბოლოს ბრძოლაში "იუვენტუსი" ჩაერთო და "აიაქსთან" ყველაფერი შეათანხმა, ფეხბურთელსაც ბევრი არ უფიქრია და მიმზიდველი წინადადება მალევე მიიღო.

ესპანურმა Mundo-მ "ბლაუგრანასა" და დე ლიხტს შორის არსებული პრობლემა გაასაჯაროვა. წყაროს ცნობით, ჰოლანდიელი ფეხბურთელი კატალონიელებს პიკეზე და ალბაზე მაღალ ხელფასს თხოვდა, რაც კლუბისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

პიკე "ბარსას" ღირსებას 11 წელია იცავს და მისი ანაზღაურება კვირაში 185 ათასი ევროა, ხოლო ალბა გუნდში 7 წელია ასპარეზობს, ის კვირაში 110 ათას ევროს იღებს.

დე ლიხტის აგენტი მინო რაიოლა "ბარსას" თავისი კლიენტისთვის ანაზღაურების სახით გაცილებით მეტს ითხოვდა და საბოლოოდ მოლაპარაკებები სწორედ ამიტომ ჩაიშალა.

"ბარსელონას" ხელფასებთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრი პოლიტიკა აქვს, რომელიც უკვე ტრადიციად არის ქცეული.

მაგალითად, კატალონიელებმა 16 წლის ტალანტი ჩავი სიმონსი ზედმეტი ხელფასის მოთხოვნის გამო პსჟ-ს დაუთმეს.

საინტერესოა, რომ სიმონსის აგენტიც რაიოლა გახლავთ. თინეიჯერი ფეხბურთელი თანაგუნდელებზე გაცილებით მაღალ ანაზღაურებას ითხოვდა, კლუბის პოლიტიკა კი გარკვეულ ასაკამდე ამას კრძალავს.

საბოლოოდ "ბარსელონამ" გამონაკლისი არ დაუშვა და სიმონსს შეელია.

პ.ს. ზოგადად მინო რაიოლას "ბარსელონასთან" ცუდი ურთიერთობა აქვს და მისი მრავალრიცხოვანი კლიენტებიდან რომელიმეს "კამპ ნოუზე" გადაბარგება უახლოეს მომავალში პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები