მატჩი საოცრება! ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-5 ჩოგანი ზედრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და ფინალშია!
Aa
Aa

მატჩი საოცრება! ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-5 ჩოგანი ზედრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და ფინალშია!

ჰამბურგის ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნახევარფინალში მსოფლიოს მე-5 ჩოგანი გერმანელი ალექსანდრ ზვერევი 3 სეტში 6:4, 4:6, 7:6 (7-5) დაამარცხა და ფინალში გავიდა!

პირველი სეტი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. ხშირი იყო ბრეიკ პოინტები და ჩაწოდებები მალე იშვიათად სრულდებოდა. საბოლოოდ ბასილაშვილმა 5:4-ის შემდეგ ზვერევის ჩაწოდება მოიგო და სეტი სათავისოდ დახურა - 1:0.


 

მეორე სეტი პირველის მსგავსად დაიწყო. 2:1-ზე ნიკამ შესანიშნავად ითამაშა და 15:40-დან ზვერევს ბრეიკი შეუსრულა.


 

სამწუხაროდ 3:1-ის შემდეგ ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდება დათმო და უკუბრეიკი მიიღო. გერმანელმა თავისი მოწოდება უნაკლოდ გაითამაშა და 3:3 - ყველაფერი თავიდან გახდა დასაწყები.

გერმანელმა ჩოგბურთელმა ბრეიკის შემდეგ ჩვეულ სტილში შეუტია და 4:4-ზე მორიგი ბრეიკი შეასრულა, რის შემდეგაც მეორე სეტი ბასილაშვილის მსგავსად 6:4 დახურა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

დასვკნითი მე-3 სეტი ბასილაშვილმა ფანტასტიურად დაიწყო, თავისი ჩაწოდება მარტივად მოიგო, რის შემდეგაც ზვერევს ბრეიკი შეუსრულა. ნიკამ 3:0 წაიყვანა და გამარჯვებისთვის უდიდესი ნაბიჯი გადადგა.


 

3:1-ზე ალექსანდრ ზვერევმა 15:40-დან ბასილაშვილის შეცდომებით ისარგებლა და ბრეიკი შეასრულა. ქართველი ჩოგბურთელი გერმანელ მეტოქეს ქულებს აშკარად ჩუქნიდა და სტანდარტული პოზიციებიდან საკმაოდ მოულოდნელად და ხშირად ცდებოდა.

საბოლოოდ ზვერევმა ანგარიში გაათანაბრა და ყველაფერი ამჯერადაც თავიდან დაიწყო.

ბასილაშვილმა ზედიზედ 4 გეიმი წააგო და ზვერევი 4:3 დაწინაურდა. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - ბასილაშვილმა მოახერხა და უდიდესი უპირატესობა უმარტივესად გაანიავა...

3:4-ზე ბასილაშვილს ძალიან კარგი შანსები ჰქონდა და მინიმუმ ბრეიკამდე უნდა მისულიყო, თუმცა ბავშვური შეცდომები დაუშვა და არც ისე დამაჯერებლად მოთამაშე ზვერევს ჩაწოდების გადარჩენის შანსი მისცა - 3:5.

4:5-ზე ბასილაშვილმა ძალების სრული მობილიზება მოახდინა და ზვერევის ჩაწოდებაზე ძალიან საჭირო ბრეიკი შეასრულა - 5:5 ნიკა თამაშში დაბრუნდა.


 

საკუთარი ჩაწოდება ბასილაშვილს კვლავ ურთულესი გამოუვიდა, ზვერევი ბრეიკთან ახლოს იყო, თუმცა ნიკამ ბოლომდე იბრძოლა და 6:5 დაწინაურდა.

ზვერევმა საკუთარი ჩაწოდება მოიგო 6:6 გახადა და გამარჯვებულის ვინაობა ტაიბრეიკზე გახდა გასარკვევი, სადაც მოვლენები საოცრად დრამატულად განვითარდა.

ბასილაშვილი 2:5-ს აგებდა, თუმცა სასწაული მოახდინა და ზედიზედ 5 ქულა აიღო! ნიკამ 7:5 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა!


 

ეს იყო ტურნირის მთავარი მატჩი, რომელიც ზედრამატული გამოდგა და ნიკოლოზ ბასილაშვილის დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.

ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ფინალში რუს ალექსეი რუბლევს დაუპირისპირდება. შეხვედრა 28 ივლისს, 14:00 საათზეა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები