პაპუნაშვილის დაუვიწყარი გოლი და ''გაბალა'' წარმატებული უახლესი ისტორიით
Aa
Aa

პაპუნაშვილის დაუვიწყარი გოლი და ''გაბალა'' წარმატებული უახლესი ისტორიით

საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ უდაბნოს ტიპის ტერიტორიას მიუყვები, საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა, თუმცა შემდეგ განჯას გაცდები და დაახლოებით ორ საათში მწვანე ხეებით სავსე პატარა ქალაქში შედიხარ, სოფლის ტიპის დასახლებაში, ქალაქი გაბალა ტერიტორიული სიმცირის მიუხედავად აზერბაიჯანის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, ტურისტებისთვის მიმზიდველი, თუმცა საქართველოდან ჩასვლის შემდეგ მეზობელთა ბუნებით ვერ მოიხიბლები.

ძნელი წარმოსადგენია ''გაბალამ,'' რომელმაც რომან გრიგორჩკუკის მწვრთნელობისას ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ ითამაშა, ბაქოს ''ინტერის'' გზა გაიაროს და ერთ დღეს რანგით მეორე ლიგაში აღმოჩნდეს, რადგან ლამაზი, კოხტა სტადიონის გარდა ''გაბალას'' მთავარი არენის გარშემო ლამაზად მოვლილი რამდენიმე მინდორია. კლუბს ინფრასტრუქტურის განვითარებით დიდი საფუძველი ჩაეყარა, რამაც კლუბის ბიუჯეტის მნიშვნელოვნად შემცირების მიუხედავად ფეხბურთელებისთვის მიმზიდველი გარემო, შესანიშნავი სავარჯიშო პირობები და პატარა კლუბის ფონზე დიდი ამბიციები დატოვა.

''გაბალა'' აღარ არის ის გუნდი, რომელიც ფრანგული ''ლილის,'' ბერძნული ''პანათინაიკოსისა'' და სლოვენიური ''მარიბორის'' დამარცხებით ევროპა ლიგის ჯგუფში მოხვედრას ახერხებდა, თუმცა თბილისის ''დინამოც''  შეიცვალა, საკუთარი აკადემიის ნიჭიერი ფეხბურთელებისა და გამოცდილი მოთამაშეების სინთეზია. შესაძლოა დღეს ''გაბალას'' წინააღმდეგ ახალწვეულმა კვამე კარიკარიმ ითამაშოს, რომელიც გასულ წელს ბაქოს ''ნეფთჩიში'' თამაშობდა, ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ კი პროფესიულ ფეხბურთს დაუბრუნდა და მიმდინარე თვეში კონტრაქტი თბილისურ კლუბთან გააფორმა.

2015 წელს გია გეგუჩაძის გუნდს ''გაბალასთან'' დაპირისპირებაში შემდეგ ეტაპზე გასასვლელად რამდენიმე წუთი დააკლდა. გეგუჩაძის ფორმაციის ''დინამოში'' ისეთი ფეხბურთელები გამოდიოდნენ, რომლებიც დღეს ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ. მაგალითად, ლაშა პარუნაშვილი, გიორგი ქვილითაია, ჯაბა ჯიღაური და გიორგი პაპუნაშვილი. 2015 წლის დაპირისპირებიდან აღსანიშნავია გიორგი პაპუნაშვილის თამაში, რომელმაც ''დინამო არენაზე'' ''გაბალას'' ბრწყინვალე გამარჯვების გოლი გაუტანა. ''დინამომ'' შინ 2:1 მოიგო, გაბალაში კი მასპინძლებმა ორი უპასუხო გოლი მატჩის მიწურულს შეაგდეს.

''გაბალას'' წინააღმდეგ გამოცდილმა ალექსანდრე იაშვილმაც ითამაშა, მისთვის ''გაბალასთან'' გასვლითი მატჩი უკანასკნელი საერთაშორისო მატჩი იყო. 2015-16 წლების სეზონის მიწურულს იაშვილმა ფეხბურთელის კარიერა ''დინამოში'' დაასრულა.

''გაბალამ'' ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ ითამაშა, პირველად 2015-16 წლების სეზონში, მეორედ კი 2016-17 წლების სეზონში. ორივე შემთხვევაში გუნდს რომან გრიგორჩუკი წვრთნიდა, რომელიც გასული წლიდან მოყოლებული უძლიერესი ყაზახური კლუბის, ''ასტანას'' მთავარი მწვრთნელია.

''გაბალას'' ისტორიაში რომან გრიგორჩუკი საუკეთესო მწვრთნელია

იმ პერიოდში ''გაბალაში'' ქართველი ფეხბურთელები არ თამაშობდნენ, ამჟამად კი სანან გურბანოვის გუნდში ორი ქართველი ირიცხება, ქუთაისის ''ტორპედოს'' ყოფილი ნახევარმცველი მერაბ გიგაური და დავით ვოლკოვი, რომელიც კარიერის საწყის ეტაპზე თბილისურ კლუბში გამოდიოდა, თუმცა მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არასდროს ჰქონდა. მიუხედავად ამისა მატჩისწინ ქართულ მედიასთან საუბარში ვოლკოვმა აღნიშნა, რომ ''დინამოს'' მიმართ შურისძიების გრძნობა არ აქვს და მისთვის ''დინამოსთან'' თამაში დამატებითი მოტივაცია არაა.

საინტერესო ფაქტია, რომ სანან გურბანოვი საქართველოშია დაბადებული, თუმცა ''ყარაბაღის'' მთავარი მწვრთნელის, გურბან გურბანოვისგან განსხვავებით ქართულ კლუბში არასდროს უთამაშია. სანან გურბანოვი 2012-18 წლებში ''გაბალას'' მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, გრიგორჩუკის წასვლის შემდეგ კი მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.

სანან გურბანოვის თქმით ''დინამოდან'' ლევან შენგელია ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია.

2017 წლის ზაფხულში ''გაბალამ'' პოლონური ბიალისტოკის ''იაგიელონია'' დაამარცხა. ეს იყო ''გაბალას'' უკანასკნელი ხმაურიანი გამარჯვება.

ოფიციალური მონაცემებით ''გაბალას'' სტადიონზე 4 500 მაყურებელი ესწრება.

დღევანდელი შეხვედრა ''გაბალას'' პატარა კოხტა სტადიონზე თბილისისა და აზერბაიჯანის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ისევე როგორც 2015 წელს, ამჯერადაც სტადიონის ბოლომდე შევსება და სტუმართათვის მძიმე გარემოს შექმნაა მოსალოდნელი. 

დიმა შარიქაძე გაბალადან სპეციალურად CrystalSport-ისთვის

მასალაში გამოყენებულია თბილისის ''დინამოსა'' და ''გაბალას'' პრესსამსახურის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები