Aa
Aa

გასოლი "პორტლენდში" ითამაშებს!

ESPN-ის გავლენიანი ჟურნალისტის, ადრიან ვოინაროვსკის, ინფორმაციით, პაუ გასოლი მომავალ სეზონს „პორტლენდის“ რიგებში გაატარებს. ცნობას NBA-ს ოფიციალური საიტიც ადასტურებს და წერს, რომ ესპანელმა პორტლენდელებთან 1-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.

39 წლის გასოლი გასულ სეზონში ტრავმებმა გატანჯა და ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მხოლოდ 30 შეხვედრა ჩაატარა. მისი საშუალო სტატისტიკაც არაგასოლური იყო - 3.9 ქულა და 4.6 მოხსნა. მაშინ, როცა NBA-ში ჯამურად გატარებულ 18 სეზონში მისი საშუალო სტატისტიკა 17.0 ქულა და 9.2 მოხსნაა.

ESPN-ის თქმით, პირენეელი ვარსკვლავი „პორტლენდისგან“ წლიურ ხელფასად 2.6 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

„პორტლენდში“ გადასვლის ცნობა საკუთარ „ტვიტერზე“ მოგვიანებით თავად გასოლმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში გადასვლით ბედნიერია და მისთვის მე-19 ამერიკული სეზონისთვის ემზადება.

აღსანიშნავია, რომ პაუ გასოლი „პორტლენდთან“ მოლაპარაკებებს 2016 წელსაც მართავდა, თუმცა შემდეგ კარიერა „სან ანტონიოში“ გააგრძელა. პაუ NBA-ს 2-გზის ჩემპიონი და ოლ-სტარის 6-გზის მონაწილეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები